მოსამართლეები ვერ ახერხებენ საბჭოთა კავშირს ტოტალიტარული სახელწიფო უწოდონ - გიორგი მშვენიერაძე

28 სექტემბერი 2019, 11:25 351 ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის წარმომადგენელi, გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ის, თუ რა მძიმე მდგომარეობაა მართლმსაჯულების სისტემაში. საქართველოს პარლამენტში იმ მოსამართლეებთან მიმდინარეობს გასაუბრებები, რომლებიც იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის  კანდიდატებად წარადგინა. 

"მოსამართლეები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ არიან გაბედულები და შეუძლიათ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ვერ ახერხებენ, მაგალითად, საბჭოთა კავშირს უწოდონ ტოტალიტარული სახელწიფო და თავს იკავებენ ამის თქმისგან. გერმანიის დემოკრატიული სახელწიფო ჰგონიათ დემოკრატიული, იმიტომ რომ სათაურში დემოკრატიული წერია. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები მოქმედი მოსამართლეები არიან, უვადოდ დანიშნული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან და ასეთი ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ უზენაეს სასამართლოში. ეს კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,"- განაცხადა აჭარის მაუწყებელთან გიორგი მშვენიერაძემ.

მესამე სექტორის წარმომადგენელი თვლის, რომ იმ 5 კანდიდატიდან 4-ს, რომლებსაც უკვე გაესაუბრნენ ზოგადსაკაცობრიო თემებზე წარმოდგენაც კი არ აქვს სათანადო.

"დღემდე 5 კანდიდატს გავესაუბრეთ და მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო, ძალიან გამიჭირდება რომელიმე მათგანს ჰქონოდა ჩემი მხარდაჭერა. 5 დან 4 - ზე შეიძლება ვთქვა,რომ მათ ზოგადსაკაცობრიო თემებზე, წარმოდგენაც კი არ აქვს სათანადო"- ამბობს მშვენიერაძე.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  უკვე 5 კანდიდატს მოუსმინეს. გუშინ დეპუტატთა შეკითხვებს პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე პასუხობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში