რატომ დადგა აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსის შეჩერების აუცილებლობა?  - რა დაინახა და რა ვერა მოსამართლემ

27 სექტემბერი 2019, 15:53 2938 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მე-4 კონკურსი, მოსამართლე კობა გოცირიძემ 24 სექტემბერს შეაჩერა. ერთი დღით ადრე, ვიდრე კონკურსი დასრულდებოდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ახლახანს გამწესებულმა უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, კობა გოცირიძემ, კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება, მაუწყებლის ერთ-ერთი კონკურსანტის, გიორგი კოხრეიძის სარჩელზე დაყრდნობით მიიღო

რა არგუმენტები ჰქონდა მოსამართლეს კონკურსის შესაჩერებლად? 5 თვის წინ, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს, მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დირექტორობის შესარჩევი კონკურსის შეჩერებაც მოითხოვა, თუმცა მაშინ სხვა მოსამართლემ მას ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

რატომ მიიჩნევს გიორგი კოხრეიძე თავს მაუწყებლის დირექტორად და რა წერია სარჩელში, რომელიც მაუწყებელში მიმდინარე კონკურსის შეჩერების საფუძველი გახდა? 

გიორგი კოხრეიძემ 22 აგვისტოს, აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსის კენჭისყრის შედეგები და ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც დირექტორის ასარჩევად მე-3 კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

სხდომას, სადაც კანდიდატების გამოსავლენად კენჭისყრა ტარდებოდა, 4 წევრი - ნატა იმედაიშვილი, ბეჟან გობაძე, ირაკლი დარცმელიძე და გიგა ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ. ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო სამი ხმა ასე გადანაწილდა - გიორგი კოხრეიძე 2 მომხრე, ხოლო თინათინ ცისკარიძე, ერთი. 

მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან  საბჭოს 5 წევრიდან, სხდომას 4 ესწრებოდა, ხოლო გასამარჯვებლად საჭირო 3 ხმა, ანუ დამსწრეთა ხმათა უმრავლესობა არავის ერგო, ჩაშლილად გამოაცხადა. 

გიორგი კოხრეიძეს სარჩელში უწერია, რომ ვინაიდან კენჭისყრაში არ მონაწილეობდა მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი, ბეჟან გობაძე, ამიტომ ის სხდომას, როგორც საბჭოს წევრი, არ დასწრებია. ამტკიცებს, რომ სამი ბიულეტენი იყო კენჭისყრის დროს გამოყენებული, ამ სამი ბიულეტენიდან კი, ხმათა უმრავლესობა მისია. 

კოხრეიძის სარჩელში ასევე წერია, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრი, ბეჟან გობაძე, შენობაში იმყოფებოდა როგორც დაინტერესებული პირი, რადგან სხდომა საჯაროა და ყველას შეუძლია დასწრება. 

22 აგვისტოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ჩანაწერი იდო მაუწყებლის სოციალურ ქსელში, ასევე მრჩეველთა საბჭოს გვერდზე. 

ჩანაწერის მიხედვით ჩანს, რომ ბეჟან გობაძე მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად იმყოფება, ის ერთვება პროცესებში და სვამს კითხვებს. კენჭისყრის დაწყებამდე კი, მრჩეველთა საბჭოს სამართლებლივი უზრუნველყოფის მენეჯერის კითხვას პასუხობს, რომ ის "ესწრება საბჭოს სხდომას, თუმცა უარს აცხადებს კენჭისყრაში მონაწილეობაზე". 

ასევე, სხდომის მსვლელობის დროს, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ჩანაწერში ამბობს, რომ მას ხელთ უჭირავს 5 ბიულეტენი, მაგრამ, რადგან სხდომას არ ესწრება ერთი წევრი, გიორგი ირემაძე, ხოლო მეორე არ იღებს მონაწილეობას, ის ორ ბიულეტენს დებს და 3 ბიულეტენს იტოვებს. 

 

უცნობია, მოსამართლე გაეცნო თუ არა ამ ჩანაწერს, ვიდრე კონკურსს შეაჩერებდა. იურისტებისთვის გაუგებარია, რა დასაბუთება უდევს საფუძვლად მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას, რომელმაც მაუწყებლის დირექტორის კონკურსი შეაჩერა. 

"მოტივაცია არ არის ასახული, ჩვენ არ ვიცით რის საფუძველზე ჩათვალა კონკურსის შეჩერება მიზანშეწონილად, ამიტომ ვერ პასუხობს ეს გადაწყვეტილება დასაბუთების სტანდარტს" - ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. 

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე კი ფიქრობს, რომ უვადოდ ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ, კობა გოცირიძემ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კონკურსის შეჩერება იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი

"გოგა კოხრეიძე არის ინიციატორი იმისა, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კიდევ უფრო მეტ კრიზისში ჩააგდონ. დღეს ხელისუფლებამ ამ პროცესში სასამართლოც ჩართო, გარია და ისეთი გადაწყვეტილება მიიღო უვადოდ რამდენიმე ხნის წინ დანიშნულმა მოსამართლე გოცირიძემ, რომელიც მართლა ყველა სტანდარტს სცილდება. მან მრჩეველთა საბჭოს წევრი გამოაცხადა დაინტერესებულ კერძო პირად, რომელმაც შეიარა თურმე საბჭოს სხდომაზე“ -  ამბობს ზვიად ქორიძე. 

რატომ დადგა კონკურსის შეჩერების აუცილებლობა? 

ფონდ  "ღია საზოგადოება საქართველოს" მედია-პროექტების მენეჯერი, ხატია ჯინჯიხაძე ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება სახელისუფლებო კანდიდატის გაყვანის მცდელობას უკავშირდება. 

"ფაქტი არის ერთი, რომ ხელისუფლებას ჰყავს თავისი რჩეული კანდიდატი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ვერ გაიყვანა ამ სამი კონკურსის განმავლობაში. და ახლა სასამართლოს გზით ცდილობს ამის გაკეთებას. 

ეს სასამართლო ალბათ მოიტანს იმას, ამ ბორდს უბრალოდ ამოეწურება უფლებამოსილება და დირექტორს ვერ აირჩევს. და ახალი მრჩეველთა საბჭო, რომელიც იქნება სრულად კონტროლირებადი, ამ ბორდისგან განსხვავებით,  მოხდება სახელისუფლებო კანდიდატის არჩევა," - აცხადებს  ხატია ჯინჯიხაძე.

პროცესში მთავრობის დაინტერესებას და მის ჩართულობას ხედავს “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილიც.  ამბობს, რომ რეალურად საქმე გვაქვს  მთავრობის მხრიდან დაგეგმილ, გრძელვადიან პროცესთან, რომლის მიზანი მაუწყებლის პროგრესის შეჩერებაა. 

„პროგრესი რომ ხდებოდა, ეს არის შეფასებული არაერთ საერთაშორისო ანგარიშში, ძალიან ბევრი ავტორიტეტული ანგარიში, აბსოლუტურად დამოუკიდებელი აქტორების მხრიდან იდებოდა და ჩვენ გვიხაროდა ეს პროგრესი. ბევრი რამ იყო კიდევ გამოსასწორებელი, ესეც ეწერა იმ ანგარიშებში, მაგრამ ვხედავდით ფეხდაფეხ ამ მაუწყებლის გაჯანსაღებას. ეს, რომ მთავარი პრობლემა იყო ეს კარგად გამოჩნდა, ჯერ კიდევ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტში, სადაც მოაწყეს საჩვენებელი დასჯა, რომ ისეთი დირექტორობა, როგორსაც ნათია კაპანაძე ახორციელებდა, არ შეიძლებოდა”. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო - მაუწყებელს დაცვა სჭირდება.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მაუწყებლის წინაშე წარმოშობილ საფრთხეებზე საუბრობენ და თვლიან, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც ინსტიტუტს დაცვა სჭირდებათ და ისინი მესამე სექტორს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ პროცესებში. 

განცხადება მაუწყებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ გამოაქვეყნა და ის მაუწყებლის ჟურნალისტებმა გაავრცელეს, რითაც მოუწოდეს საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს ჩართვისკენ. 

„შორს ვარ შეთქმულების თეორიებისგან, მაგრამ ამდენი დამთხვევის და შემთხვევითობის არ მჯერა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ფლობდეს ტრიბუნას და ეს ყველაფერი არ დასრულდეს დემოკრატიის მარცხით, ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს”, -  დაწერა ნათია ზოიძემ სასამართლო გადაწყვეტილების  გავრცელებიდან მალევე.

ნათია ზოიძე მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მხოლოდ პირველ მცდელობაზე მონაწილეობდა და ერთი ხმა მიიღო. მისი სტატუსით კი გაირკვა, რომ მონაწილეობას ამჯერადაც აპირებდა.

სამი ჩავარდნილი კონკურსი და მრჩეველთა საბჭოს წევრების ხმები... 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, მაუწყებლის დირექტორობის მსურველებს  შორის "სამთავრობო კანდიდატების" არსებობაზე, არაერთხელ განაცხადეს. 

მრჩეველმა ბეჟან გობაძემ თქვა, რომ   5 წევრიდან ორ ხმას სამთავრობო კანდიდატი იღებდა.  

ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე კი ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორის არჩევაზე კონსულტაციები, სამ მრჩეველს შორის ხდებოდა. 

სამივე კონკურსზე ხმები ისე გაიყო, რომ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.  ბეჟან გობაძე აცხადებდა, რომ  დირექტორი კონკურსების დროს საბჭოს იმ 4 წევრს უნდა აერჩია, ვინც ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე გადააყენა. 

ნათია კაპანაძის წასვლას მხარი საბჭოს 4-მა წევრმა დაუჭირა.  მრჩევლების განცხადებით, კონკურსზე 2 ხმა სამთავრობო კანდიდატებს ეკუთვნოდა, შესაბამისად, ახალი დირექტორის ასარჩევად ეს ორი ხმა, საკმარისი არ იყო. 

ნატა იმედაიშვილის თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მე-4 კონკურსზე, რომელიც ამ ბორდისთვის ბოლო შანსი იყო, აერჩიათ დირექტორი, კონსესუსი  სამ მრჩეველს შორის შედგებოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში