2 მილიონ ლარზე მეტი ქობულეთში ბულვარის 850 მეტრიანი მონაკვეთის მოსაწყობად

27 სექტემბერი 2019, 09:25 1566 ნახვა

ქობულეთის სანაპიროზე  2 840 კვ.მ ფართობზე ბულვარი მოეწყობა. ზღვისპირა პარკის მოსაწყობად სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. 

მიმდინარე წელს დაგეგმილია სამუშაოების I ეტაპი, რომლის ფარგლებში მოხდება მდინარე აჭყვადან 850 მ მონაკვეთზე ბულვარის მოწყობა. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ქვეითთა სავალი ნაწილები, დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა მწვანე საფარი. 

ტერიტორიაზე დაგეგმილია დეკორატიული ხე მცენარეების გაშენება, შეიცვლება განათების სისტემა, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები, პარკში განთავსდება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. 

ზღვისპირა პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. პირველ ეტაპის სამუშაოებისთვის საჭირო თანხა  2 მლნ 300 ათას ლარი  აჭარის ბიუჯეტიდან, კაპიტალური ტრანსფერის სახით გამოიყო.

ბულვარის მოწყობისთვის სანაპირო ზოლზე კაფე-ბარების დემონტაჟიც მოხდება. პირველ ეტაპზე იმ ობიექტებს დაანგრევენ, რომლებიც იმ 850 მეტრიან მონაკვეთში მოხვდებიან, სადაც სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ ზოლში, სულ 6 კაფე-ბარია. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ობიექტში ხმაური იყო.  გამგეობის გვერდით, სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ "მონოპოლში" დემონტაჟისთვის აღსრულების ბიურო შევიდა, რასაც პოლიციასა და კაფის მფლობელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

რაც შეეხება დარჩენილ 2 კილომეტრიან მონაკვეთს. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ პროექტი გარდამავალია, იგი 2020 - 21 წლებში სამ ეტაპად განხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში