ჩვენ წარმოვადგენდით საშიშროებას, ამიტომ შეაჩერეს კონკურსი ბოლო დღეს - აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევნები

25 სექტემბერი 2019, 17:57 597 ნახვა

აჭარის მაუწყებლის დირექტორობის მე-4 კონკურსი შეჩერებას და გიორგი კოხრეიძის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აფასებს.  ნატა იმედაიშვილი მომხდარს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობად მიიჩნევს.

ამბობს, რომ პროცესები სავარაუდოდ ახლა განვითარდა იმიტომ, რომ მრჩეველთა საბჭოს ამ შემადგენლობას დირექტორის არჩევის საშუალება არ მისცემოდა და უმაღლესი საბჭოს მიერ, ახლად დაკომპლექტებულ შემადგენლობას აერჩია ახალი დირექტორი.  

"რატომ განვითარდა ეს პროცესები დღეს? - მგონია, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში წარმოვადგენდით საშიშროებას. მიუხედავად ბეჟანის გობაძის (მრჩეველთა საბჭოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან)  გაცხადებული პოზიციისა, რომ ამ შემადგენლობით ვერ ავირჩევდით დირექტორს, შესაძლოა მომხდარიყო ისე, რომ საბჭოზე ყოფილიყო მეტი ზეწოლა და დასრულებულიყო სხვაგვარად. 10-15 დღის წინ იმიტომ არ მოხდა ამ განჩინების გამოგზავნა, რომ კონკურსის ვადა იწურებოდა და გასაჩივრებას სააპელაციოში ვეღარ მოესწრებოდა"- ამბობს ნატა იმედაიშვილი.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, თუმცა რა შედეგით დასრულება დავა და მოასწრებენ თუ არა კონკურსის ხელახალ გამოცხადებას, მისთვის უცნობია. "ის, რომ 6 წლიანი მუშაობის შემდეგ, მძიმე შედეგი დადგა და დირექტორი ვერ აირჩიეს, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა" - ფიქრობს იმედაიშვილი.

"პოლიტიკურად  გაჟღენთილი ხმა საბჭოს ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის. საბჭოს წევრებს უნდა გვემუშავა კონსესუსის მიღწევაზე. საბჭოს წევრები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მითითებით ცხოვრობენ, მათ განაპირობეს ის, რომ დირექტორი არ გვყავს. ანგარიშის წარდგენისას მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობდნენ, რომ დირექტორს ვერ ავირჩევდით. სახელისუფლებო პარტია რა თქმა უნდა ამას  არ ამბობდა, მაგრამ  ეს უკვე ცხადზე უცხადესია. ვფიქრობ კანდიდატები იყო,  შეიძლება წავსულიყავით მოლაპარაკებაზე და აგვერჩია კარგი დირექტორი"- ამბობს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

ნატა იმედაიშვილი ცალსახად აცხადებს, რომ კანონით და რეგლამენტით იხელმძღვანელეს.

"ბეჟან გობაძე იყო სხდომის მონაწილე და როგორც კანონშია მითითებული სხდომის დამსწრეთა უმრავლესობით უნდა შერჩეულიყო დირექტორი და არა კენჭისყრაში მონაწილეთა უმრავლესობით. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ კანონით. ჩვენ ეს გვიწერია რეგლამენტში და კანონი ამას ამბობს ცალსახად".

რა გზით წავა მაუწყებელი, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში - ამბობს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, რომელსაც, სხვა 4 მრჩეველთან ერთად, ეწურება უფლებამოსილება. 

კონკურსი ახალი საბჭოს დაკომპლექტებაზე, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 28 აგვისტოს გამოაცხადა

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში