ბათუმის "დინამო" ჯერ კიდევ არ გასხვისებულა 

19 სექტემბერი 2019, 16:53 2189 ნახვა

24 მაისს, საკრებულოს გადაწყვეტილებით ბათუმის "დინამო" აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.  პროცედურულად, მხოლოდ სამინისტროს აქვს უფლება 49 წლიანი იჯარით "დინამოს"  კომპანია "lamin -G"-ზე გაასხვისოს.

ამის მიუხედავად, მეოთხე თვეა კლუბი ისევ სახელმწიფო ბალანსზეა.  "Lamin G"-სთვის გადასაცემი 72 ათასი კვადრატული მეტრი მიწიდან, მერიამ 14 ათასი კვადრატი უკან დაიბრუნა. სახელმწიფო უწყებებში ამბობენ, რომ ამ პროცედურების გამო გაჭინაურდა კლუბის გასხვისების პროცედურა. 

დღეს ბათუმის საკრებულომ, ახალი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით კომპანია "Lamin G"-ს  52 ათას კვადრატულ მეტრ მიწას გადასცემენ, რომელზეც სხვადასხვა ტიპის სპორტული მოედნები უნდა მოაწყოს. 

თუმცა მანამდე, ეს მიწა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე უნდა დაირიცხოს და შემდეგ  კომპანიის სახელზე გადავიდეს. 

სამშენებლო კომპანია "Lamin G" მფლობელი არჩილ ბერიძე ამბობს, რომ პროცედურები მალე დასრულდება და "დინამო"  მათ მფლობელობაში მალე  გადავა.  

გასხვისების პირობები შემდეგია, კლუბის 100% წილის მართვის გადაცემის სანაცვლოდ, არჩილ ბერიძემ ყოველწლიურად  100 000 ლარი უნდა გადაიხადოს. ასევე, ვალდებულება ეკისრება უზრუნველყოს კლუბის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება /ბაზა, შესაბამისი პირობები/ 

სარგებლობის პერიოდის განმავლობაში, უნდა უზრუნველყოს კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, შეინარჩუნოს საბავშვო აკადემია, უზრუნველყოს მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას ან ფიფას სტანდარტებით ფუნქციონირება.

ბათუმის "დინამოს" კერძო მფლობელებზე გადაცემის საკითხი აქტუალური 2017 წელს გახდა, მაშინ როდესაც კლუბი თამაშებს ზედიზედ აგებდა და ეროვნულ ლიგიდან გამოვარდა.  

კლუბის ხელმძღვანელებმა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა და მერიის წარმომადგენლებმა მაშინ ღიად პირველად თქვეს, რომ კლუბი უნდა გასხვისდეს.  

ჯერ კიდევ ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ ეს წინადადება მისაღებად მიიჩნია და თქვა, რომ მერია მზად არის 100% წილი გადასცეს დაინტერესებულ პირებს. 

მალევე, ბათუმის "დინამოს"  შესყიდვის მსურველები გამოჩნდნენ. მერიაში ორი პრეტენდენტმა გააკეთა განაცხადი. ერთ-ერთი მათგანი არჩილ ბერიძე იყო. 

მიუხედავად გამოთქმული მზაობისა, ორი წლის განმავლობაში "დინამოს" გასხვისებაზე საუბარი ღიად შეწყდა. არჩილ ბერიძე კი, ამ პერიოდის გამავლობაში გუნდს სპონსორობას უწევდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში