პოლიტიკური ელიტა რელიგიური ნიშნით იერარქიებს ქმნის და ჩვენს დაყოფას ცდილობს - მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

18 სექტემბერი 2019, 09:53 1832 ნახვა

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ადამიანების, ჯგუფების იერარქიებს მუდმივად ქმნის და კონსოლიდირების ნაცვლად, დაყოფას ცდილობს. ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს აზიანებს. 

ამბობს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი, დემოკრატიის ტესტია. 

''ეს მათ მომგებიანი ეჩვენებათ დღეს, მაგრამ ის არსებითად აზიანებს ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოებრიობის განვითარებას მომავალში. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლების არსი პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს არ ესმით.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი ქართველი მუსლიმი თემისთვის რელიგიური საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, საკუთარი უფლებების, მოქალაქეობის და ღირსების აღიარების საკითხი გახდა. ეს საკითხი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობის ტესტიც გახდა, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, რომ ის ყველა სოციალური ჯგუფისთვის თანასწორ და სამართლიან პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს ქმნის.

სამწუხაროდ ჩვენმა სახელმწიფომ ეს ტესტი ამ დრომდე ვერ ჩააბარა. ქართველი მუსლიმი თემისთვის ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობა, როცა მისი საჭიროება აშკარა და თვალსაჩინოა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მიუღწეველი მიზანია. ამ უსამართლობას სხვა დამაჯერებელი ახსნა არ შეიძლება ქონდეს გარდა იმისა, რომ ის უთანასწორობის ლეგიტიმაციაა'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი  ''ქართული ოცნების'' ლიდერის, გია ვოლსკის და საზოგადოებრივი მოძრაობა ''ლელოს'' დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა. 

''საკუთარ განცხადებაში ბატონი გია ვოლსკი საზოგადოებრივი კონსენსუსის აუცილებლობაზე უთითებს. ცხადია, ჩვენ გვესმის საზოგადოებრივი შეთანხმების და სოლიდარობის მნიშვნელობის, მაგრამ ჩემი მთავარი კითხვა სხვაა: რატომ სჭირდება უმცირესობების უფლებების აღიარებას უმრავლესობის თანხმობა? ნუთუ ეს მიდგომა დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპია და ამას ადგენს კონსტიტუცია?! ანდა რას აკეთებს მთავრობა ამ კონსენსუსის მისაღწევად, როცა მისი წარმომადგენლები რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო მარტივი განცხადებების გაკეთებასაც ვერ ბედავენ?

მამუკა ხაზარაძის განცხადებაში მთავარ პოლიტიკურ შეცდომას ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების საკითხის სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის კონტექსტში დანახვა იყო. ეს ჩვენი თემის თურქეთთან გაუმართლებელი დაკავშირების და ნაცვალგების კიდევ ერთი მაგალითია. რატომ დგას ჩვენი, ქართველი მუსლიმების უფლებების საკითხი თურქეთში ქართული ეკლესიების საპირწონედ? რა ისტორიული ან სამართლებრივი კავშირი არსებობს ამ დაკავშირებაში? სამწუხაროა, რომ ბატონი ხაზარაძე, რომელიც თითქოსდა პროგრესული იდეებით შემოდის პოლიტიკურ სივრცეში ასეთი ტიპის არადემოკრატიულ განცხადებებს აკეთებს და ნაციონალისტური და რელიგიური სენტიმენტების გამოყენებას ცდილობს'' - ამბობს ნაკაიძე. 

მუსლიმი თემი, ბათუმის მერიის წინააღმდეგ უკვე 2 წელია დაობს.

დავის საგანი, 2017 წლის 5 მაისს, მუსლიმების მიერ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარისთქმაა. მოსარცელე მხარე მიიჩნევს, რომ მერიის მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში