ამას მხეციც არ იზამს - მოქალაქე ბათუმში მოგლეჯილ ხეზე 

12 სექტემბერი 2019, 13:30 2460 ნახვა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ნაძვის ხე ფესვებიანად ამოგლიჯეს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ქუჩა გადათხრილია, ასფალტის საფარი ამოყრილი, ადგილზე კი მძიმე ტექნიკა მუშაობს. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქე უყვება, რომ ხე რამდენიმე საათის განმვალობაში ქუჩაში ეგდო. მწვანე ნარგავი, სავარაუდოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა ამოთხარეს. მისივე თქმით, დაზიანებულია სხვა ხეებიც. 

''ამას მხეციც არ იზამს. ეს გუშინ შუადღისას მოხდა. ძალიან დამწყდა გული. ჯერ ხომ მოგლიჯეს და დააგდეს, მერე დაანაწევრეს. ეს ნაძვი გაანადგურეს. სხვა ხეებს კი სადისტურად აქვს ტოტები დამტვრეული. რამდენი დროს სჭირდება ამ პაწაწუნა ნაძვებს, რომ გაიზარდოს. მე პირადად თვალზე ცრემლი მომდის, როდესაც ბუნებას ასე ექცევიან. თუ აქ ნაძვი აღარ უნდა იყოს, მაშინ სადმე მაინც გადაიტანონ'' - ამბობს ლია მგელაძე. 

აჭარის მაუწყებელს ბათუმის გამწვანების სამსახურში უთხრეს, რომ ხის ამოღების შესახებ ინფორმაცია თავადაც მოქალაქეებისგან გაიგეს. ადგილზე მორიგე ბრიგადა გავიდა.  ამტკიცებენ, რომ ხე დაზიანებული არ ყოფილა.  ისე სანერგე მეურნეობაში გადაიტანეს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, უკან დააბრუნებენ. 

უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამის სამსახურებსაც მიმართეს. სთხოვეს, მსგავსი შემთხვევის დროს, გამწვანების სამსახური წინასწარ  გააფრთხილონ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში