"მიჭირს აგიხსნათ რეაქცია, როცა ასეთ ეზოში ტურისტები შემოვიდნენ" - დანაგვიანებული ბავშვთა მოედნები ბათუმში

10 სექტემბერი 2019, 10:00 2421 ნახვა

ბათუმის ეზოებში -  სკამებსა და საბავშვო ატრაქციონებზე ჩაწებებულ საღეჭ რეზინებს, მზესუმზირის ნარჩენებს, სიგარეტის ნამწვავებს, ქილებსა და ბოთლებს  თითქმის ყველა ეზოში შეხვდებით, სადაც ატრაქციონები და სათამაშო მოედნებია განთავსებული. 

ნაგვის დიდი ნაწილი, მოედნის ირგვლივ არის დაყრილი, რომელიც კვირაობით რჩება და არავის გააქვს. 

ეს ფოტოები ბათუმის ცენტრალური პარკთან,  6 კორპუსის ეზოშია გადაღებული. 

ტურისტულ ქალაქში, სადაც სტუმრების ნაწილი სასტუმროს ტიპის სახლებში ცხოვრობენ, ეს რეალობა ხვდებათ.  "შოკირებული დარჩნენ ჩემი სტუმრები, ალბათ არასოდეს დაბრუნდებიან უკან, მიჭირს აგიხსნათ რეაქცია, როცა ასეთ ეზოში შემოვიდნენ და ის, თუ როგორ შემრცხვა. ეს არის უკულტურო ერის სახე, აპოკალიფსი რომ მოხდეს, ალბათ ჩემი გერმანელი სტუმრების ქალაქში, ასეთი ამბავი არ დატრიალდებოდა" -  გვიყვება ნანა გოგიტიძე, რომელიც ბათუმის ცენტრალურ პარკთან ცხოვრობს. ამტკიცებს, რომ რამდენჯერმე თავადაც სცადა ნაგვისგან ეზოს გაწმენდა, თუმცა ინიციატივაში არავინ აჰყვა, ერთჯერადი აქციით კი პრობლემა არ გადაიჭრა. 

ბათუმის ეზოებს შპს სანდასუფთავება 10 დღეში ერთხელ ასუფთავებს. ტენდერის მიხედვით, მათ ვალდებულება აქვთ ეზოებში თვეში სამჯერ შევიდნენ. დანარჩენ შემთხვევაში, სადარბაზოებისა და ეზოების სისუფთავის საკითხი, ამხანაგობის წევრების, ანუ იმ ეზოს მაცხოვრებლების პასუხისმგებლობაა. 

როგორც გაირკვა, იმ ამხანაგობების ან კონკრეტულ მაცხოვრებლების დაჯარიმების შესაძლებლობა სანდასუფთავებას არ აქვს. მათ მხოლოდ პერსონალურად შეუძლიათ ჯარიმების გამოწერა, თუ ვიდეოთვალით დააფიქსირებენ ნაგვის დაგდების ფაქტს.  შესაბამისად, ბათუმის მასშტაბით, ეზოში საყოფაცხოვრებო ნაგვის დაყრაზე ჯარიმები არ იწერება. 

სანდასუფთავებაში ამბობენ, რომ ბათუმში და ზოგადად ქვეყანაში აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რადგან მასობრივად ხდება, როგორც სამშენებლო, ასე საყოფაცხოვრებო ნაგვის დაყრა, როგორც ქუჩებში, ასევე ეზოებში, მდინარეებსა და ტბებში.  

ვიდეო ხიმშიაშვილის ქუჩაზეა გადაღებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში