ბათუმში, ტბელ-აბუსერიძის ქუჩის ჩაკეტვის გამო, მოძრაობა პარალიზებულია

09 სექტემბერი 2019, 13:35 403 ნახვა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საავტომობილო გზა დღეს დილიდან სრულად ჩაკეტეს. აქამდე მოძრაობა გზის მხოლოდ ერთ ზოლში იყო დასაშვები. 

გადაკეტილია ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაც.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში არ გაიხსნება. ამ ეტაპზე მოძრაობა კი, ალტერნატიული მარშრუტითაა შესაძლებელი.

ქალაქში მთავარი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. 

შეფერხებულია ავტომობილების, მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების გადაადგილებაც. საცობია გრიბოედოვის, გორგასლისა და პუშკინის ქუჩებზე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ქუჩის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. პრობლემები შეექმნათ დილით, სამსახურში წასვლის დროს. 

''არ ვიცოდი ქუჩა ორმხრივად თუ იკეტებოდა. არავის გავუფრთხილებივართ.  დანიშნულების ადგილთან მისასვლელად დიდი დრო გვჭირდება. ალტერნატიული გზებით და სხვა ქუჩებით უნდა წავიდეთ. რთულია,  სამუშაოებიც როგორც ვიცით დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე ცხოვრობს. 

სანიაღვრე არხის მშენებლობის გამო, დაახლოებით, სამი თვის განმავლობაში იყო ჩაკეტილი გორგილაძისა და ჯავახიშვილსი ქუჩების ნაწილიც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი