აჭარაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, 18 წლის შემდეგ შემწეობას მისცემენ

04 სექტემბერი 2019, 19:07 3037 ნახვა

მას შემდეგ, რაც საქართველოში სახელმწიფო ბალანსზე არსებული  "ბავშვთა სახლები"  გაუქმდა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სხვადასხვა ოჯახებში მინდობით ზრდიან, მიმღებ ოჯახებს კი სახელმწიფო ყოველთვიურად თანხას უხდის. 

როდესაც ბავშვი 18 წლის ხდება, მას სახლის დატოვება უწევს. სახელმწიფო კი აღარ აგრძელებს მის დაფინანსებას.  ამიტომ მზრუნველობამოკლებული ბავშვები, 18 წლის ასაკში ქუჩაში, ფინანასური რესურსების გარეშე რჩებიან. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, 2020 წლიდან,  18 წელს გადაშორებულ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს,  ყოველთვიური შემწეობა დაენიშნებათ. 

უფრო კონკრეტულად, ახალ პროგრამაში ბენეფიციარებად  ის პირები შეირჩევიან,  რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ შეძლებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას.

პროგრამის დამკიცების შემთხვევაში, სამინისტრო უკვე სრულწლოვან პირებს ფინანსურად 18- ან-25 წლამდე უზრუნველყოფს და ყოველთვიურად, დაახლოებით, 465 ლარს გადაუხდის. 

მოქმედი  რეგულაციით, 18 წლის შესრულების შემდეგ სახელმწიფო მინდობით აღზრდაში მყოფ პირზე მზრუნველობას წყვეტს. გამონაკლისია ის აღსაზრდელი, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა, მაგრამ ჯერ კიდევ მოსწავლეა, პროფესიულ განათლებას იღებს ან უნივერსიტეტის სტუდენტია. ამ შემთხვევაში, მას  შეუძლია  მინდობით  აღზრდაში მყოფ ოჯახში 21 წლამდე დარჩეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ  სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ, მზრუნველობამოკლებული ბავშვების უმრავლესობა, მიმღები ოჯახის დატოვების შემდეგ  ეკონომიკურ პრობლემებს  აწყდება და  საცხოვრებელი ფართის და სამსახურის  გარეშე რჩება. 

"სოციალური მუშაკები, რომლებიც ამ ბავშვებში ძალიან დიდ შრომას დებენ, მათთანაც გვქონდა ამ თემაზე საუბარი. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივად გადაწყდა ამ პროგრამის ამუშავების საკითხი. ეს თანხა, დღეში 15 ლარის ოდენობით, ჩაერიცხებათ მათ პირად ანგარიშზე. რაც შეეხება ოჯახების დატოვებას, ამაზეც სოციალური მუშაკები იმუშავებენ. თუ ოჯახი და ბავშვი გამოთქვამენ სურვილს, რომ გააგრძელონ ერთად ცხოვრება, ოჯახში დარჩება. ან შეუძლია მარტო გავიდეს ან სხვებთან შეამხანაგდეს. ბენეფიციარები მუდმივ კავშირში იქნებიან სოციალურ მუშაკებთან," - ამბობს აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ინდირა ნაკაიძე.

ამ პროექტის დაფინანსების შემთვევაში, დახმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს,  სოციალური სააგენტოსა მიერ შედგენილი სიისა და სოც.მუშაკის  დასკვნის საფუძველზე გაიცემა. 

ამ მომსახურებით ისარგებლებენ  საქართველოს  მოქალაქეები, რომლებიც მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული იქნებიან აჭარაში.

მომდევნო წლიდან, სამინისტროს ახალ პროგრამაში 10 ბენეფიციარი ჩაერთვება. სოციალური სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს აჭარაში მინდობით აღზრდაში მყოფი სწორედ  ამდენი პირი ხდება სრულწლოვანი და  სახელმწიფო პროგრამას ეთიშება. 

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს, ახალი პროგრამის ბიუჯეტი 54 900 ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში