10 დღეში უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

03 სექტემბერი 2019, 12:48 280 ნახვა

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის - 5, ქვემო ქართლში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 9 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 30 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ.

14 მონადირეს დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა, აკრძალული საშუალებებით კი 88 სამართალდამრღვევმა ინადირა.

ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა 85 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

ნადირობის სეზონი წელს 24 აგვისტოს გაიხსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში