შეიღებონ წვერი ინით და გაიარონ ხალხში, საზოგადოების განწყობები გაიგონ - შოთა დიღმელაშვილი

03 სექტემბერი 2019, 10:54 1931 ნახვა

პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას, ''სირცხვილიას'' აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. ისინი  ''ქართული ოცნების'' შენობასთან დილით მივიდნენ და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ადგილზე ელოდნენ. 

''ჭორად ვიცოდით, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას არ ველოდით. არ გვეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი  თავისივე ბოტებისა და ტროლების მიერ შექმნილ რეალობას დაიჯერებდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ასეთ უკიდურეს გამწვავებაზე წავიდოდა'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შოთა დიღმელაშვილმა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 20 სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება, საზოგადოება კი, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას არ შეეგუება. 

''შეიღებონ წვერი ინით და გაიარონ ხალხში, ჩავიდნენ მეტროში, ჩასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ნახონ განწყობები. ამას ჩვენი საზოგადოება არ ჭამს'' - ამბობს დიღმელაშვილი. 

''სამ წელში იწყალებენ პოლიციელის მკვლელს, რომელიც 12 წელი უნდა მჯდარიყო ციხეში და ესენი გვესაუბრებიან პოლიციელის მუნდირის დაცვაზე. ამ ადამიანებს ჩვენ ძალიან ვაფასებთ. უბრალოდ სამართალდამცველებს ჰყავთ მმართველი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი ჯერ მშვიდობიანი მანიფესტანტების თავლების დათხრაზე და შემდეგ ამ საქმის ჩაფარცხვაზე. 

თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ რადიკალურ გამწვავებაზე წავიდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან ​ჩვენ მას გასაქანს არ მივცემთ. შევქმნით განგაშს, რომელიც აქამდე ამ ხელისუფლებას არ უნახავს. გამოვიყენებთ ყველა დიპლომატიურ კავშირს, საერთაშორისო მედიას.

20 სექტემბერს ჩვენ ფართომასშტაბიან აქციებს ვუბრუნდებით. ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლება მართვის სადავეებს ჩამოშორდეს'' - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

''სირცხვილიას' აქტივისტები გეგმავენ, საშემოდგომო სესიის გახსნის დროს დეპუტატები, სირცხვილი კორიდორში გაატარონ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში