რას ითხოვს მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით - ჩამონათვალში ქელეხის დარბაზის მოწყობაც მოხდა

31 აგვისტო 2019, 07:00 379 ნახვა

სოფელ განახლებაში, ბოლქვაძეების უბანში მალე  მოსახლეობის თავშეყრის ადგილი მოეწყობა. სოფლის სახლი სკოლის შენობის ადგილას აშენდება და მას ადგილობრივები სავარაუდოდ ქელეხის, ბანკეტის, ქორწილის გადასახდელად გამოიყენებენ. ხულოს მერიაში არც იმას გამორიცხავენ, რომ  მოსახლეობამ ახალი ობიექტი კულტურული ღონისძიებებისთვისაც გამოიყენოს, რადგან მისი მოცულობა საკმაოდ დიდი იქნება.

მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, ადგილობრივთა მოთხოვნა იყო.  ობიექტის მშენებლობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მშენებლობისთვის სავარაუდოდ 8 474 ლარი დაიხარჯება.

მოსახლეობის სურვილით,  აშენდება ორი წისქვილიც. ერთი სოფელ ღორჯომში  და მეორე სოფელ ირემაძეებში. ობიექტების მშენებლობისთვის 10 161 ლარი დაიხარჯება. წისქვილებით სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ სოფლებში წისქვილების სიმცირე იყო და მათ მოსახლეობის მოთხოვნა არ გაკვირვებიათ.

ადგილობრივებისთვის გადაადგილების გასაადვილებლად და გზის გაფართოების მიზნით, სოფელ კვატიაში მძიმე ტექნიკით  გზა მოიჭრება, მომსახურების შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ხულოს მერია კომპანიას, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს მზად არის  5000 ლარი გადაუხადოს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ხიხაძირის ცენტრში არსებული საპირფარეშოსაც.

მოსახლეობის თავშეყრის ადგილების მოწყობა, წისქვილების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლებში საზოგადოებრივი საპირფარეშოების რემონტი, სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, გზის რეაბილიტაცია - ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებასაც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ითხოვს.

გასულ წლებთან შედარებით, მოსახლეობის მოთხოვნები მცირედით შეცვლილია. სოფლის კრებებზე ადგილობრივები ძირითად პრობლემად გზების, წყლის სისტემის რეაბილიტაციას ასახელებდნენ.  ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში  მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტების ნაწილობრივ შეცვლას  იმით ხსნიან, რომ გზების რეაბილიტაციის დიდი ნაწილი საკუთარ თავზე საგზაო დეპარტამენტმა აიღო. ინფრასტრუქტურული საკითხების უმეტესობას კი ისინი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ცდილობენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წლის შემდეგ არ განხორციელებულა. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ მიუხედავად  მოსაგვარებელ საკითხთა ჩამონათვალში მცირე ცვლილებისა მთავარ მოთხოვნად მაინც გარეგანათებები, გზების მობეტონება რჩება და მას  მცირე პროექტები მოსდევს.

ხულოს მუნიციპალიტეტში წელს,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ 378-პროექტი განხორციელდება და  ჯამში ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში