მინდა დავუსვა შეკითხვა, რატომ შეგეშინდათ - ხაზარაძე ხელისუფლებას 

27 აგვისტო 2019, 14:34 1470 ნახვა

''თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, საქართველოსა და უცხოეთში მყოფი მათი მეგობრების დახმარებით, დაწყებულ პროცესებს გააგრძელებენ. 

ხაზარაძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ ხელისუფლება შეშინებულია, საჯარო სამსახურებს კი პოლიტიკური დევნისთვის იყენებენ. 

„მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა, რატომ შეეშინდა? ის სამსახურები, რომელთა ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს შიში, აბსოლუტურად დიდი პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია. ახლა რაც შეეხება, რასთან გვაქვს საქმე? თქვენ იცით, რომ ბიზნესმენისთვის ყველა ანგარიშის დაყადაღება და ყველა ანგარიშის გაჩერება ნიშნავს, რომ მათი გაგებით, ჩვენ ვერ მოვემსახურებით იმ ვალებს, ადგილობრივ თუ უცხოურ საკრედიტო მომსახურებას ვერ განვახორციელებთ, რომელსაც ვახორციელებდით და რომლითაც ვაფინანსებდით და დღემდე ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათი გაგებით, ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც მალე შეგატყობინებთ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია და რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში, რომელიც ყველანაირად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ის კურსი, რაც შევპირდით ჩვენ ხალხს, რომ რეალობა, ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში, დასრულდეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის დამფუძნებელის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა და ბიზნესმენების თანხების შესწავლა სთხოვა.

ჯაფარიძის განმარტებით, უწყებას ეჭვი აქვს რომ მათი თანხები კრიმინალური წარმოშობისაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში