100 ფერმერი გზის გადაკეტვით იმუქრება

27 აგვისტო 2019, 14:51 2152 ნახვა

სოფელ ქაქუთში მცხოვრები 100 ფერმერი გამაფრთხილებელ აქციას აწყობს. ფერმერები, რომლებსაც თხილი მოჰყავთ, ამბობენ რომ მაღალი ხარისხის თხილის რეალიზაცია დაბალი ფასის გამო პრობლემურია. ამტკიცებენ, რომ აჭარაში თხილის ღირებულება 3 ლარია, მაშინ როცა ზუგდიდში თხილის ფასი 6.50 თეთრს შეადგენს.  

აქციის მონაწილეები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, რომ საქართველოში თხილის რეალიზაცია  მონოპოლისტების ხელშია და აუცილებელია ხელისუფლება ჩაერიოს.

ფიქრობენ, რომ ფასი უნდა დარეგულირდეს და საქართველოს ყველა რეგიონშიერთნაირი იყოს. აქციის მონაწილეები არ აკონკრეტებენ ვის მიერ არის სფერო მონოპოლიზირებული ან ვინ ცდილობს ხელოვნური დისბალანსის  შექმნას თხილის რეალიზაციის პროცესში.  

"ჩვენ შედეგი დავდევით თხილის მოსავალის, როგორც გვასწავლეს ისე მოვიქეცით, შევწამლეთ თხილის ძირები. ფული ყველას სად აქვს, არავის აქვს და თითოეულმა ოჯახმა ბანკიდან გამოვიტანეთ და ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთეთ. მოვიდაა მოსავალი და ახლა ღირებულება არ აქვს თხილს აჭარაში, 3 ლარი ღირს, 4 ლარზე ძლივს ადის ხანდახან, როცა სხვა რეგიონებში 6 და 6.50 ლარი ღირს. აქედან მიაქვთ დაბალ ფასში და ზუგდიდში ყიდიან ძირად, გადამყიდველებს რჩებათ გლეხის ნაშრომი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ფასები დაარეგულირონ, რაც ფასია ზუგდიდში, ის ფასი იყოს აქ" - გვითხრა ფერმერმა რუსლან კვირკველიამ, რომელიც თანასოფლელებთან ერთად აქციას მართავენ. 

ფერმერები ხელისუფლებას პრობლემების მოსაგვარებლად რამდენიმე დღეს აძლევენ, ხუთშაბათს კი გზის გადაკეტვას აანონსებენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში