''არ იმალება - აღკვეთის ღონისძიების შეფარდების აუცილებლობა არ არსებობს'' - ავთანდილ წერეთლის ადვოკატი 

27 აგვისტო 2019, 13:01 1323 ნახვა

პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ სასამართლოს მიმართავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენონ.

უფლებადამცველის განცხადებით, ავთანდილ წერეთელი საქართველოში დაბრუნდა და მიმალვას არ აპირებს.

''ავთანდილ წერეთელთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. არ იმალება, პირიქით უცხოეთში იყო და დღეს ჩამოვიდა საქართველოში. 

არანაირი ობიექტური მოლოდინი იმისა, რომ 11 წლის წინანდელ და ამდენი თვის ნაძიებ ამბავზე წერეთელი რაიმე ტიპის მტკიცებულებას გაანადგურებს, ან მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს, არ არსებობს. შესაბამისად აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი არ უნდა დადგეს. გირაოს შეფარდების საკითხს არ ვეთანხმებით და სასამართლოს ვთხოვთ არ დააკმაყოფილოს. 

მოლოდინების გახმოვანებისგან თავს შევიკავებ. გირაოს გადახდაზე სასამართლოს გადაწყვეტილების  შემდეგ ვისაუბრებ. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ადვოკატმა. 

ავთანდილ წერეთელს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში