ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ - TV პირველის მფლობელი ვატო წერეთელი

22 აგვისტო 2019, 12:32 1670 ნახვა

TV პირველის მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის დაბარებას ეხმაურება. ამბობს, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანით აშანტაჟებენ და აბსურდული საქმე აღძრეს.

ტელეკომპანიის მფლობელი ვატო წერეთელი „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალის წარდგენას ტვ პირველს უკავშირებს.

''მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა'' - წერს სოციალურ ქსელში ვატო წერეთელი. 

TV  პირველის მფლობელის მამა ავთანდილ წერეთელი, რომელიც დღეს პროკურატურაშია დაბარებული საქართველოში არ იმყოფება. 

წერეთელი საგამოძიებო უწყებაში 18:00 საათზე უნდა მივიდეს. 

პროკურორის განმარტებით, მას ბრალი თიბისი ბანკის საქმის ფარგლებში უნდა წაუყენონ. 

''გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)'' - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში