პოლიტიკური მოძრაობის შექმნა ინდულგენცია არ არის - ნათია თურნავა ხაზარაძეზე 

21 აგვისტო 2019, 16:21 1401 ნახვა

''არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,'' - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ''თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებული პროცესები ანაკლიის პორტს არ უკავშირდება.

„მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც გადავიდა უკვე სასამართლო განხილვის ეტაპზე. ეს პროცესი გამჭვირვალეა. რა ზომას გამოიყენებს გამოძიება და პროკურატურა ამ პროცესში, ეს არის მათი პრეროგატივა. ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით“, – განაცხადა თურნავამ.

''თიბისი'' ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და მის პარტნიორს ბადრი ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს.  

მამუკა ხაზარაძემ ახალი მოძრაობის შექმნა რამდენიმე თვის წინ დააანონსა. 

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 000 - 700 000 ლარის გირაო შეუფარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში