18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18 აგვისტო 2019, 15:15 220 ნახვა

დღეს, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მის ხსოვნას პატივი, სამხედრო მოსამსახურეებმა მიაგეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს საქართველოს რუკა გადასცეს, რომელზეც გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებია დატანილი.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები შეიკრიბნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს,  ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2018 წელს თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში