7 მაღალჩინოსნის საქმე

17 აგვისტო 2019, 15:20 1619 ნახვა

ე.წ „იაფი სახლის“ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარე მოწმეებს უსმენს. ბაგრატ ხალვაშისა და ეგარსლან ლომაძის ადვოკატმა ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. რამინ პაპიძის განცხადებით, დაცვის მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "კონვენტ ჯოირჯიას" სხვადასხვა ტენდერში იმ დოკუმენტებით აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც მან მერიას წარუდგინა და სამუშაოები ზოგ შემთხვევაში დასრულებულია.

ადვოკატის განცხადებით, დოკუმენტებს შორის არის საგარანტიო წერილიც, რომელიც ეკუთვნის „პოინტ ბანკს“ და სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით მიანიჭა კომისიამ უპირატესობა „კონვენტ ჯორჯიას“. გამოძიება ბრალდებულებს ყალბ დოკუმენტებზე დაყრდნობით კონვენტ ჯორჯიასთვის უპირატესობის მინიჭებას ედავება, რაც ადვოკატის თქმით ამ მტკიცებულებით ბათილდება. შუამდგომლობას საფუძვლიანი უწოდეს სხვა ბრალდებულების ადვოკატებმაც. მოსამართლემ უფლებადამცველის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რამინ პაპიძემ კი დავით მამისეიშვილის საქმიდან აცილება მოითხოვა.

მან, მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ამას კი მხარი მხოლოდ დავით ჩავლეიშვილმა დაუჭირა, რომელიც ასევე ბაგრატ ხალვაშისა და ეგარსლან ლომაძის ინტერესებს იცავს. სხვა ადვოკატებმა კი მიიჩნიეს, რომ მოსამართლის აცილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ბრალდების მხარის თქმით, შუამდგომლობა აცილების თაობაზე არ არის დასაბუთებული. ქალაქის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და კიდევ 6 მაღალჩინოსანს გამოძიება იაფი სახლის საქმეზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება, რის გამოც გამოძიების ინფორმაციით,  თვითმმართველობამ მილიონ ლარზე მეტით იზარალა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში