5 ცათამჯენის მშენებლობის საკითხს მერიაში ცხარე დისკუსია და დაპირისპირება მოჰყვა

15 აგვისტო 2019, 15:07 1394 ნახვა

ხმაური იყო ბათუმის მერიაში. სიტყვიერი დაპირისპირება რივიერას ტერიტორიის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვას მოჰყვა. საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ბათუმის“ წევრები მერიისგან დღეს მათ წერილზე, არგუმენტირებულ პასუხებს მოითხოვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ცათამბჯენების მშენებლობა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ისტორიულ კონცხზე დაუშვებელია.

პოზიციას მეცნიერებისა და სპეციალისტების მოსაზრებებით ამყარებენ და აცხადებენ, რომ მასშტაბური მშენებლობა ამ ტერიტორიაზე ქალაქს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დააყენებს.

სხდომა , რომელზეც „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმას განიხილავდნენ  არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ფონზე 2 საათს გაგრძელდა.  

„ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების განხილვას სპეციალისტებიც ესწრებოდნენ. მათ დღეს კითხვები  პროექტის ხელმძღვანელთან  შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

გიორგი კაპანაძე შეხვედრის მონაწილეებს არწმუნებდა, რომ რივიერას პროექტი ქალაქს საფრთხეს არ შეუქმნის. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მან სხვადასხვა კვლევაზე  ისაუბრა, მათ შორის იტალიური კომპანია „კოლისელი“-ის დასკვნაზე, რომლითაც გიორგი კაპანაძის თქმით, პროექტი ქალაქს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე არ აყენებს.  

ასევე აცხადებს, რომ ცათამბჯენები  იქ არსებული მაღლივი შენობების ფონზე არ არღვევს ისტორიულ ზონას და აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში