"აგროვებენ ვალებს და მერე სახელმწიფო პატიობს, ეს უსამართლობა კი არა, უკვე კრიმინალია" - ტელეკომპანია ''კავკასიის'' ხელმძღვანელი

14 აგვისტო 2019, 17:00 1741 ნახვა

საქართველოს ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა  ტელეკომპანიებს, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო გადასახადები დაუგროვდათ, ვალების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს.  წინადადებებისთვის  ერთთვიანი ვადას იძლევა. 

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "კავკასიის" მენეჯერი გამოეხმაურა. ნინო ჯანგირაშვილი წერს, რომ ხელისუფლების ამ ტიპის გადაწყვეტილებები არა მხოლოდ უსამართლობა, არამედ კრიმინალია. პატარა მედიასაშუალებებს არასოდეს უკეთდება ვალების რესტრუქტურიზაცია ან ჩამოწერა, უფრო მეტიც, არც კი აგროვებინებნ მცირე  დავალიანებას. 

''ჩემი პოზიცია ტელევიზიების დავალიანებებთან დაკავშირებით.  ბოლო ბოლო ითქვა ოფიციალურად: 

რუსთავი – 28 მილიონი, იმედი – 19 მილიონი, მაესტრო – 8 მილიონი. 

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკეები დაიწყოს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. ერთ წელზე მეტი ვადით რესტრუქტურიზაცია ჩემს მიერ აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება და უკვე მესამედ ამ დიდ უსამართლობას აღარ დავუშვებ. როგორც კი ერთ წელზე მეტ ვადიან რესტრუქტურიზაციას ახსენებთ, შევწყვეტ გადასახადების გადახდას და ვნახოთ ერთი როგორ გამეკარებით სიახლოვეს. გარდა ამისა, მოვითხოვ ბოლო 20 წლის მანძილზე რაც გადამიხდია ბიუჯეტში სახელმწიფომ დამიბრუნოს უკან, იმიტომ რომ ბოლო ოცი წელია ე.წ. ლიდერი ტელევიზიები ფაქტიურად გათავისუფლებულები არიან გადასახადებისგან – აგროვებენ ვალებს და მერე სახელმწიფო პატიობს. ეს მარტო უსამართლობა კი არა უკვე კრიმინალია – არხების ნაწილი მუდმივად გათავისუფლებული იყოს გადასახადებისგან და ჩემნაირ არხებს ტყავს აძრობდეს სახელმწიფო.

ივანიშვილს უნდოდა იმედი – მისია
უნდოდა მაესტრო – მისია
უნდოდა რუსთავი2 – მისია


ხოდა გადაიხადოს სასწრაფოდ ბიუჯეტში თავისი არხების 55 მილიონი თორემ ისეთ სკანდალს ავტეხ, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ''- წერს ფეისბუქ გვერდზე ტელეკომპანია ''კავკასიის'' მენეჯერი ნინო ჯანგირაშვილი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში