ტელეკომპანიებს ვალების რესტრუქტურიზაციისთვის ერთვიანი ვადა მიეცათ - უკავშირდება თუ გადაწყვეტილება რუსთავი2 გაყიდვას

14 აგვისტო 2019, 16:29 1217 ნახვა

„ჩვენი მიზანია, მიმდინარე გადასახადის დაფარვა უნდა დაიწყოს ყველამ. ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ეს არის საგადასახადო კულტურა და ამ სფეროში უნდა დამკვიდრდეს, თორემ ამას ბოლო არ ექნება.

ჩვენ ვიქნებით გაცილებით ლოიალური და ლმობიერი წარსულ ვალებზე და კონსტრუქციული, მაგრამ გაცილებით პრინციპულები მიმდინარესთან. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგროვდეს მიმდინარე ვალი. ეს არის მთავარი პრინციპი და მიდგომა. ეს არის ფილოსოფია“, – განაცხადა ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

მინისტრი სინფორმაციით, ყველაზე მსხვილი დავალიანება სამ კომპანიას - რუსთავი2 (28 მლ), იმედს (19 მლ) და მაესტროს (8 მლ)  აქვთ. უწყებაში ამბობენ, რომ დავალიანების სრულ ჩამოწერაზე საუბარი არ არის, ამ ეტაპზე კომპანიების პოზიციას მოისმენენ. თვის ბოლომდე კი მათ ხედვებს გაეცნობიან ვალების რესტრუქტურიზაციისა და  გადახდის გრაფიკის შესახებ. 

ჟურნალისტების კითხვაზე,  ტელევიზიების დავალიანებებზე ფინანსთა სამინისტოს შეთავაზება ხომ არ არის მორგებული  „რუსთავი 2“-ის პოტენციურ მყიდველზე? ან  უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მინისტრი ამ ეჭვს სხვა ტელევიზიების დავალიანების ჩამოწერის ფაქტით აბათილებს. 

"თუ გგონიათ, რომ რაღაც ტიპის შეღავათს ვიღაცას ვუკეთებთ, არა, პირიქით. მათ შორის გაყიდვის შემთხვევაშიც, ახალმა მყიდველმაც უნდა იცოდეს, რა ოდენობის დავალიანებაზეა საუბარი და ზუსტად ის, რომ ამ ბოლო პერიოდში ყიდვა-გაყიდვაზე იყო საუბარი და მიუხედავად რაღაც მინიშნებებისა, მკაფიოდ არც ერთხელ არ თქმულა, რამხელა ვალი აქვს და რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ ბიუჯეტის წინაშე" - ამბობს ივანე მაჭავარიანი. 

მინისტრის თქმით, სამინისტროში საკმაოდ ძლიერი ექსპერტები არიან და კარგად შეაფასებენ როდის გაუჭირდა ობიექტურად ბიზნესს და როდის გამოიყენა ბოროტად თავისი მდგომარეობა.  "ჩვენი სპეციალისტები დაადგენენ  ჩვეულებრივ თავხედობასთან გვაქვს საქმე თუ მართლა გაუჭირდა ბიზნესს. ამის გარჩევის უნარი შემოსავლების სამსახურს და იქ მომუშავე აუდიტორებს, დამერწმუნეთ, აქვთ“ - განაცხადა მინისტრმა. 

 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში