11 წელი შინდისის ბრძოლიდან - დაღუპული გმირები ბათუმში გაიხსენეს

11 აგვისტო 2019, 12:18 1640 ნახვა

შინდისის გმირები გაიხსენეს ბათუმში. ყვავილებით შეამკეს  მემორიალი და დაღუპული გმირების სახელობის სკვერში,  ხე-მცენარეები დარგეს. რუსეთ-საქართველოს ომში შინდისთან  ბრძოლაში დაღუპულებს შორის ორი, აჭარიდან იყო. მათ ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებთან ერთად, რიგითმა მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს. რუსეთ-საქართველის ომის დროს 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს, სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა, დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შედეგად უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი.

დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში