შეთანხმებაზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა

09 აგვისტო 2019, 12:37 1278 ნახვა

სამხარაულის ექსპერტიზამ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის,  2010 წელს გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნა დადო.

დასკვნაში  წერია, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შეთანხმებაზე შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ.  საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ირაკლი ოქრუაშვილის "რუსთავი 2"-ის წილებზე დაობს.

"გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.

აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:

ასო „შ" -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.

- მოძრაობის ფორმა ასო „ქ"-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.

- მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ"-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,"-ნათქვამია დოკუმენტში.

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი მან ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, შესაბამისად ის ტელეკომპანიის 100%-იანი მესაკუთრეა. მისივე განმარტებით, ხალვაში შეგნებულად აჭანურებდა დროს და არ ცხადდებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად.

კომპანიის დღევანდელი მფლობელი, ქიბარ ხალვაში აღნიშნულ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობდა, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში