კორპუსში, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა შრომის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა

02 აგვისტო 2019, 14:19 1679 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის 2 ა - ში კომპანია „გრანდ სითის“  მშენებარე ობიექტზე, სადაც რამდენიმე დღის წინ სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა  შრომის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ  მონიტორინგის დროს  დაფიქსირდა ორი კრიტიკული შეუსაბამობა, რის საფუძველზეც  მათ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

„თავდაპირველად განხორციელდა მოკვლევა, ასევე შემოწმდა შრომის უსაფრთხოების  ნორმები.  გამოვლინდა  ორი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა, ერთი-ლიფტებთან დაკავშირებით და მეორე-სიმაღლეზე სამუშაოებთან დაკავშიებით.  მშენებლობაზე არ იყო ჩატარებული შესაბამისი სწავლებები, სამაშველო და უსაფრთხოების გეგმები. აღნიშნული დარღვევები ჩვენს მიერ მიჩნეული იქნა კრიტიკულად შეუსაბამობად, რის საფუძველზეც  სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ. შეჩერდა როგორც სიმაღლეზე მიმდინარე, ასევე ლიფტთან დაკავშირებული სამუშაოები“- გვითხრა  შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიამ მიქაიამ.

შრომის ინსპექტორის განმარტებით, სამუშაო პროცესი შეჩერდება მანამ, სანამ კომპანია დაფიქსირებულ  დარღვევებს არ გამოასწორებს.

ობიექტის  ინსპექტირებისას გამოვლინდა იმ სახის დარღვევებიც, რომლებიც არ არის მიჩეული კრიტიკულად. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, კომპანიას მიეცემა მითითება და განესაზღვრება გონივრული  ვადა მათ გამოსასწორებლად.

„არარაასებითი ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით მომზადდება დასკვნა, რომელიც კომპანიასაც გადაეცემა, ასევე მიეცემათ მითითება და განესაზღვრებათ გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად. თუ დაფიქსირდება, რომ კომპანიამ  დარღვევები არ გამოასწორა, შემდგომში მოხდება მისი დაჯარიმება“-ამბობს მარიამ მიქაია.

სამშენებლო კომპანიაში ისნპექტირების დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებიათ.  კომპანიის იურისტი  ადასტურებს, რომ სიმაღლეზე სამუშაოები  ამ ეტაპზე შეჩერებულია და ლიფტიც დალუქულია.  

„მიმდინარეობს  კომპანიის მიერ შიდა მოკვლევითი სამუშაოები და  იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც აუცილებელია  დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად.  დაინიშნება   სხვადასხვა სახის ექპერტიზები, იმისათვის, რომ ინსპექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციები უკლებლივ შესრულდეს“-ამბობს იურისტი მერაბ დიმიტრაძე.

პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება ლიფტის ჩამოვარდნის გამომწვევ  მიზეზებთან დაკავშირებითაც.

„გამოძიება მიმდინარეობს, მემონტაჟე კომპანიასთან აკვლევენ რა და როგორ არის.  როცა ყველაფერი გაირკვევა და ხარვეზები აღმოიფხვრება ,  ამის შემდეგ  მოხდება ლიფტის გამოცდა,  ტესტირება.  ყველა აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, კი  გადაეგზავნება  მოთხოვნა  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს  ლიფტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით“-განაცხადა მერაბ დიმიტრაძემ.

შემთხვევა 29 ივლისს მოხდა.  სატვირთო ლიფტში ჩამოვარდნის დროს 6 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 3 დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში