სარფის საზღვარზე პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 200 გრამი ჰეროინი უპოვა - შსს

02 აგვისტო 2019, 10:37 1885 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე სამი პირია დაკავებული.

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. 

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ფაქტი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოხდა. სამართალდამცველებმა 27 წლის მამაკაცი დააკავეს. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს პოლიციამ, 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უპოვა. 

კიდევ ერთი პირი სასაზღვრო პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც 720 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი 101 აბი, დიდი ოდენობით ბუპრენორფინის და კოკაინის შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ სამართალდამცველს თავს დაესხა.

1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 199 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო პასუხისგებაში მიეცა 77 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში