ქობულეთში ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც მაკონტროლებლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - საგამოძიებო სამსახური

01 აგვისტო 2019, 13:44 2238 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ალამბარში,​ უაქციზო სიგარეტის ამოღებისას საგადასახადო ოფიცრებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ორი პირი დააკავეს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული დათვალიერებისას, მაკონტროლებლებმა თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ობიექტის მეპატრონემ თანამშრომლებს  პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იძულების წესით დაატოვებინა ობიექტი და ადგილიდან გადამალა საქონელი.

''აღნიშნულ ობიექტზე, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ განხორციელდა დათვალიერების შედეგად ობიექტში გამოვლენილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ამოღებისა და შემდგომი პროცედურები, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიმართ ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურს.

საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლისა და მათ მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე 3531-ე მუხლის შესაბამისად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ ეტაპისთვის, დაკავებულია ორი მოქალაქე'' - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში