6 თვეში საქართველოში 4991 სამშენებლო ნებართვა გაიცა - საქსტატი

30 ივლისი 2019, 12:42 1498 ნახვა

საქართველოს დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისსა და საზღვაო ქალაქ ბათუმში მშენებლობის ბუმია. სანაპირო ზოლში ათობით მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ერთდროულად მიმდინარეობს. ცენტრალური ნაწილის პარალელურად, ახალ ობიექტებს აქტიურად აშენებენ  გარეუბნებშიც. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციით, საქართველოში მშენებლობებზე ნებართვების გაცემის მაჩვენებელი გაზრდილია. 

2019 წლის იანვარ-ივნისში 4 991 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,0 %-ით მეტია.

„საქსტატის“ ცნობით, ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8% თბილისზე, 11,7 პროცენტი – ქვემო ქართლზე და 11,1% კი აჭარაზე მოდის. 

2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები ძირითადად მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების ასაშენებლად გაიცა. ნებართვებში შედარებით დიდი წილი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ  კომპლექსებზე მოდის.

''საქსტატის'' ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში 1236 ობიექტი მიიღეს. 

 

ფოტო: სერგო ედიშერაშვილი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში