მერიამ ბათუმში 42 სილამაზის სალონი შეამოწმა - 3 დაჯარიმდა, 7 გააფრთხილეს

29 ივლისი 2019, 15:40 7639 ნახვა

მიმდინარე წელს, ბათუმში შემოწმებული 42 სილამაზის სალონიდან, სამი დაჯარიმდა, შვიდი ობიექტის მეპატრონეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, 5 სალონის საქმეზე კი სასამართლო მსჯელობს.

მერიის სპეციალისტებმა სხვადასხა ტიპის დარღვევა სულ 15 ობიექტში დააფიქსირეს.

გამოვლენილ ხარვეზებს შორისაა, დეზინფექციის და სტერილიზაციის პროცედურების და სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესის დარღვევა. 

ასევე სალონების ნაწილი რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა. 

ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული. დაწესებულებებს, სადაც სისხლის გზით ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის ესთეტიური და კოსმეტიკური პროცედურები ტარდება, მონიტორინგს ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება უწევს. კონტროლი მთელი წლის განმავლობაში, შერჩევითი პრინციპით ხორციელდება.  

სალონის მეპატრონეებმა წინასწარ შემოწმების შესახებ არ იციან. სპეციალისტები ადგილზე კითხვარს ავსებენ, დარღვევების შესახებ აფიქსირებენ. ხარვეზების გამოსასწორებლად 2 კვირიანი ვადა აქვთ. განმეორებით კონტროლზე თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის, საქმე რეაგირებისთვის სასამართლოში იგზავნება. 

''42 შემოწმებიდან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა 15 შემთხვევაში, მათ შორის 13 არარეგისტრირებული ობიექტი დაფიქსირდა, ორ შემთხვევაში კი სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესების დარღვევა. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ოქმის შედგენის უფლება და სასამართლოში ვაგზავნით განსახილველად. სასმართლო წესით ხდება სანქციის დაკისრება. საქმისწარმოება 10 შემთხვევაზე დასრულებულია. დანარჩენზე  გრძელდება. 

ამ ათი საქმიდან შვიდზე სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. სამ შემთხვევაში კი, საჯარიმო სანქცია გამოიყენა.

ორი სილამაზის სალონის მეპატრონე 500-500 ლარით დაჯარიმდა, ისინი რეგისტრაციის გარეშე, უკანონოდ მუშაობდნენ. ერთი ობიექტის მეპატრონეს კი სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესის დარღვევისთვის 50 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ნუგზარ ცეცხლაძემ. 

ბათუმის მერიაში კონკრეტულ სალონებს არ ასახელებენ. ამბობენ, რომ ამისთვის შესაბამისი უწყებიდან საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. 

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს სულ 88 სილამაზის სალონი შეამოწმეს. 11 ობიექტის მეპატრონეს  სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, 13 კი დაჯარიმდა. 

2018 წელს, ბათუმის რამდენიმე სალონში ნაწლავური ჩხირი დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში