გმირთა ხეივანი ნაგვის ურნების გარეშეა

20 ივლისი 2019, 17:20 4053 ნახვა

ბათუმში გმირთა ხეივანი, რომელიც ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ  მონაკვეთზეა გაშენებული ნაგვის ურნების გარეშეა.

თითქმის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც მოქალაქეებისთვის  სასეირნო სივრცეს წარმოადგენს, უკვე  წლებია ერთი ნაგვის ურნაც კი არ არის განთავსებული.

ადგილობრივები და დამსვენებლები ამბობენ, რომ  ტერიტორიაზე ნაგვის ურნების არ არსებობა უხერხულობას ქმნის.  აცხადებენ, რომ  ამ გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტი მათ სამართალდარღვევისკენ უბიძგებს და იძულებულს ხდის ნარჩენები ძირს დაყარონ.

რატომ არ არის განთავსებული გმირთა ხეივანში ნაგვის ურნები და გეგმავს თუ არა მუნიციპალიტეტი იქ  მათ განთავსებას ამ კითხვებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შპს „სანდასუფთავების“ სამსახურს დაუკავშირდა.

უწყებაში ჯერ გვითხრეს, რომ  ნაგვის ურნების განსათავსებლად  მათ მოსახლეობამ წერილობით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც იქ ნაგვის ურნები დაიდგმება. ხოლო მას შემდეგ, რაც ავუხსენით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის, სამსახურმა პოზიცია შეცვალა და გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე  დიზაინის შერჩევა მიმდინარეობს და გმირთა ხეივანში  დეკორატიული ნაგვის ურნები უახლოეს მომავალში განთავსდება.

თუ რატომ არ დადგა აქამდე დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის მოგვარება, სამსახურში მაუწყებლის კითხვას არ უპასუხეს. 

გმირთა ხეივანი ბათუმში 2012 წელს გაიხნა, თავდაპირველად მას  შეიხ ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანის ხეივანი ერქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში