როგორ ავიცილოთ თავიდან საკვებისმიერი და წყლისმიერი ინტოქსიკაციები - რჩევები მოქალაქეებს 

18 ივლისი 2019, 08:02 1389 ნახვა

ზაფხულის ცხელ დღეებში, საკვებისმიერი მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით აქტუალურია ჰიგიენის დაცვა. სპეციალისტები გირჩევენ მოერიდოთ პლაჟზე და ქალაქის ქუჩებში მზა საკვების ყიდვას. ასევე მალფუჭებადი და კრემიანი საკვების მიღებას, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში, სითბოში იყო. 

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის სპეციალისტები, მოქალაქეებს სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს უზიარებენ. მედიკოსები ამბობენ, რომ ზაფხულში საგრძნობლად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების – საკვებისმიერი და წყლისმიერი ინტოქსიკაციების შემთხვევები. 

''ზაფხულის სეზონზე უმეტესად ეს უკავშირდება ხილის მიღებას, პირველ რიგში ხილი უნდა იყოს ძალიან კარგად, სუფთა წყლით გარეცხილი. გარდა ამისა, ზაფხულში ქუჩაში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სახის მზა საკვებს, იქნება ეს მოხარშული სიმინდი თუ სხვა რამ. ჩვენ არ ვიცით როგორი დამუშავებულია ეს საკვები, რა პირობებშია მომზადებული, ამას ემატება ქუჩის მტვერი, ამიტომ ასეთი საკვების ყიდვას უნდა მოერიდოთ

საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს საწყის ეტაპზე შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: 
შემცივნება

ტემპერატურის მატება

გულის რევა

ღებინება 

საკვებით მოწამვლის კლინიკური ნიშნები დიდებსა და პატარებში მსგავსია. სპეციალისტების განმარტებით, თუ ზრდასრული ადამიანების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა სახლშიც არის შესაძლებელი, ბავშვების შემთხვევაში უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. 

''წლამდე ასაკის ბავშვები, სიმპტომების პირველივე გამოვლინებისას, იმავე წუთში უნდა გადაიყვანონ სტაციონარში, რადგან ასეთ დროს ექიმთან დაგვიანებულ მიმართვას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.სიმპტომები შესაძლოა ინფიცირებული პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღის შემდეგაც დაიწყოს და ინტოქსიკაციის სიმძიმიდან გამომდინარე 1-დან 10 დღემდე გაგრძელდეს'' - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რეკომენდაციები გაავრცელა დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, მაღალი ტემპერატურის ტალღა,  ბავშვის ორგანიზმისთვის სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს, ამიტომ სახლში ყოფნისას და პატარების გარეთ გასეირნებისას მშობლებს გარკვეული წესების დაცვა, საფრთხეებს თავიდან ააცილებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში