აიგება თუ არა 6 ცათამბჯენი ბათუმის რივეირაზე? -  საკითხი ისევ გააქტიურდა

15 ივლისი 2019, 17:28 1352 ნახვა

ბათუმის რივეირაზე აიგება თუ არა 6 ცათამბჯენი? - საკითხი ისევ აქტუალური გახდა. მერიის არქიტექტურის სამსახურმა ბათუმის საკრებულოს მიმართა "სილქ როუდ ჯგუფზე" გაცემულ გრგ-ს დავალებაზე, რომელიც რივიერას ტერიტორიის განაშენიანებას გულისხმობს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. 

ეს იმას ნიშნავს, ბათუმის მერია ამზადებს დოკუმენტაციას ბათუმის ისტორიული კონცხის განაშენიანების (გრგ) პროექტი გაიტანოს საკრებულოზე დასამტკიცებლად.  საკითხს განიხილავს თუ არა ბათუმის საკრებულო, ხვალ ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. 

ბათუმის ისტორიული კონცხის განაშენიანების საკითხს კი, ამ ტერიტორიის მესაკუთრე "სილქ როუდ ჯგუფი" 6 ცათამბჯენის განთავსებით ხედავს.  კომპანიის მიერ გაცხადებულია, რომ რივიერაზე 6 მაღალი კორპუსის აგება სურს, აქედან ოთხი საცხოვრებელ სახლი უნდა იყოს, ორი კი სასტუმრო იქნება. ყველაზე მაღალი შენობა 130 მეტრის უნდა აშენდეს, რაც 45 სართულია. 

ასევე, კომპანიის ხედვით ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს ხელოვნური ყურე, სადაც იახტკლუბი განთავსდება. დამატებიტ კაფე ბარები, კომერციული ობიექტები და საზოგადოებრივი სივრცეები...

თვეებია პროექტის განხორციელებას აპროტესტებს მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგია. აქცია მათ არაერთხელ გამართეს სახელწოდებით - #არაჩაბეტონებას.  ბათუმის კონცხი - "რივიერა"  ქალაქის ისტორიული ზონის ნაწილია და მოქალაქეებისა და სპეციალისტების შეფასებით, ამ ტერიტორიის განაშენიანება ძველი ბათუმის ურბანული და ისტორიული გეგმარების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. 

"საზოგადოება ბათომი"  მიიჩნევს, რომ ძველ ბათუმში ჯერ უნდა დამტკიცდეს ისტორიული დაცვის ზონა და ამ ზონაში გათვალისწინებული რეგულაციების მიხედვით, დაიგეგმოს კონცხის განაშენიანების გეგმა. 

ამ პოზიციას იზიარებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც ამბობს, რომ თუ რივიერა ისტორიული დაცვის ზონაში მოექცევა, მაშინ იქ ამ მასშტაბის პროექტი ვეღარ განხორციელდება. 

მოქალაქეების პოზიციას არ ეთანხმება ბათუმის მერია

მერიაში მიიჩნევენ, რომ კონცხს აღარ აქვს შერჩენილი ისტორიის კვალი და მისი ამჟამინდელი განაშენიანება ძველი ბათუმისგან განსხვავებულია. ამიტომ, კომპანია "გეოგრაფიკის" მიერ კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებულ დოკუმენტში, მეცნიერული დასაბუთების გარეშე  ცვლილებები შეიტანა, დაცვის ზონის ნაწილიდან ამოიღო რივიერა და ისე გააგზავნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დასამტკიცებლად. 

აკადემიურ წრეებში - სპეციალისტები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს წევრები, არ დაეთანხმნენ მერის ამ გადაწყვეტილებას. 15 თებერვალს, ამ საკითხის 3 საათიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს რეკომენდაცია მისცეს - ისტორიული დაცვის ზონაში ისევ შეიტანონ რივიერა ან კვლევებით დაასაბუთონ მისი გადაწყვეტილების სიზუსტე. სხვა ფორმით კი, ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცებაზე უარი უთხრეს.  

"ბათუმი რივიერას" დირექტორი ამბობს, რომ რივიერა მოექცევა თუ არა ისტორიული დაცვის ზონაში, ეს პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის

რაც შეეხება კომპანიას, ის მოქალაქეებისა და სპეციალისტების პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება. "ბათუმი რივიერას" დირექტორი ამბობს, რომ რივიერა მოექცევა თუ არა ისტორიული დაცვის ზონაში, ეს პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ პრეცენდენტულად რივიერას მიმდებარედ არის განთავსებული ძალიან მაღალი შენობები  - "პორტა თაუერი" და "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი", ამიტომ მათ კანონით აქვთ საშუალება, აქ ცათამბჯენები ააგონ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ანა მდინარაძე კი მიიჩნევს, რომ თუ თვითმმართველი ორგანო რივიერას ტერიტორიის განაშენიანების გეგმას დაამტკიცებს, საკითხი სასამართლოში სადაო გახდება. რადგან, საია თვლის, რომ თუ რივიერა ისტორიულ ზონაში უნდა შევიდეს, აქ შეუძლებელი იქნება ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება. 

"საიას გასაჩივრებული აქვს  გადაწყვეტილება, სადაც ისტორიული დაცვის ზონის საზღვრებიდან თვითმმართველობამ რივიერას ტერიტორია ამოიღო. შესაბამისად, თუ ამ დავის დასრულებამდე და ისტორიული ზონის დამტკიცებამდე მოხდება ამ ტერიტორიაზე განაშენიანების გადაწყვეტილება მიღებული, ის გასაჩივრდება" - ამბობს ანა მდინარაძე.   

ბათუმის საკრებულომ "სილქ როუდ ჯგუფს" გრგ დავალება 2018 წლის 27 დეკემბერს მისცა. 

მისცემს თუ არა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დავალებას საკრებულო ბათუმის მერიას, უახლოეს მომავალში გაირკვევა. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი ამ ეტაპზე ჩასმული არ არის, თუმცა ბიურო ამ თემაზე ხვალ იმსჯელებს. მერიაში ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში