პოლიციის მაღალჩინოსანს, აქციის დაშლის საქმის გამოძიებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა

03 ივლისი 2019, 22:53 1738 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, უფლებამოსილება შეუჩერა.  გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება“ - წერია უწყების განცხადებაში. .

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყაყიჩაშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა.

20 ივნისის ღამეს, აქციის დაშლის დროს, 280-მდე მოქალაქე დაშავდა, აქედან 80 სამართალდამცველი. 26 მოქალაქეს, რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებების გამო, თვალზე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ, 26-დან  ერთი პოლიციელი იყო.  ორმა ახალგაზრდამ დაკარგა თვალი, რადგან ექიმებმა უმძიმესი დაზიანებების გამო, ვერ შეძლეს თვალის გადარჩენა. 

ორი მოქალაქე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, 11 დღის შემდეგ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

აქციის დაშლის დროს,  მოქალაქეები სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და შსს მინისტრის - გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში