ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის საკრებულოებში ფრაქციებს გასულ წელს ინიციატივა არ წარუდგენიათ

02 ივლისი 2019, 12:26 488 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტების - ბათუმის, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის საკრებულოებში 2017-2018 წლებში, 2014-2016 წლებთან შედარებით, ფრაქციათა და ფრაქციების ინიციატივათა რაოდენობა შემცირდა.

35 ფრაქციიდან, 2018 წელს -29 დარჩა, ინიციატივების რაოდენობა კი 5-ით, 38-დან 33-მდე შემცირდა.

2017-2018 წლებში  ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის საკრებულოებში რეგისტრირებულ 16 ფრაქციას არცერთი ინიციატივა არ წარუდგენია.

შედარებით აქტიურია ბათუმის საკრებულო, სადაც ფრაქციებმა 25 ინიციატივა დაარეგისტრირეს, ქედის საკრებულოში - 6 შევიდა, ხოლო ქობულეთის საკრებულოში - 2.

ფრაქციების მუშაობის ანგარიშს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

კვლევის თანახმად მმართველი გუნდი ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივებს  თითქმის არ იზიარებს.

ინიციატივების უმრავლესობა ეხება არა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის კონტროლის გაძლიერებას, არამედ უმეტესწილად ადმინისტრაციული მნიშვნელობის საკითხებს.  

ანალიტიკოსების შეფასებით, ინიციატივების რაოდენობის კლება განსაკუთრებით საყურადღებოა რადგან 2017 წლის დეკემბრიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობაც ანაზღაურებადი თანამდებობა გახდა. 

ორი წლის  განმავლობაში კი ფრაქციის თავმჯდომარისა და მოადგილის ხელფასებზე ჯამში 1,394,635.23 ლარი დაიხარჯა.

საკრებულოების ფრაქციების მუშაობის კვლევა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში