დღეს აქციაზე ნინო ქათამაძე იმღერებს 

30 ივნისი 2019, 21:06 1916 ნახვა

თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს ნინო ქათამაძე იმღერებს. მანამდე კი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.  ამის შესახებ გიგა მაქარაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 

''დღეს დიდი ეკრანი დავამონტაჟეთ, რამდენიმე ვიდეორგოლს ვაჩვენებთ, რომელიც ამ მოვლენებს ეხება და პატარა ფილმს ვაჩვენებთ ასევე, რომელიც ოკუპაციაზეა. გვეყოლება ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ, მათ შორის ყველაზე განსაკუთრებული ნინო ქათამაძეა. ნინოს რუსეთში კონცერტი დაემთხვა სამწუხაროდ იმ მოვლენებს, ალბათ ის თვითონ გააკეთებს განმარტებას და მოყვება ამის შესახებ, რატომ ვერ თქვა მან უარი. სიმღერაც აქვს ჩვენთვის მომზადებული, იმედი მაქვს კარგი საღამო იქნება ქარის მიუხედავად.

არა მგონია საზოგადოების პროტესტი მოყვეს, ნინო მოდის კონკრეტული მესიჯით, მას სურს ახსნას რატომ იყო იქ და ბოდიში მოიხადოს რატომ არ იყო აქ ჩვენს გვერდით'' - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

ნინო ქათამაძემ 22 ივნისს რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა,  მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა.

მომღერლის რუსეთში გამოსვლას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. 

ზუსტად 8 დღის შემდეგ, დღეს, 30 ივნისს, ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის აქციის მონაწილეების განწყობას იზიარებს და ფიქრობს, რომ გიორგი გახარია უნდა წავიდეს. 

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მე-11 დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ერთი მოთხოვნა აქვთ, თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში