აქციის დაშლის საქმეზე, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი და ოპერატორი გამოკითხვაზე დაიბარეს

26 ივნისი 2019, 22:42 1907 ნახვა

აქციის დაშლის საქმეზე, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე და ოპერატორი კოტე გრიგალაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

მაუწყებლის ჟურნალისტს პროკურორი, ცოტა ხნის წინ, დაუკავშირდა. ნინო ხოზრევანიძის თქმით, მას სთხოვეს 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე გამომძიებლებისთვის ჩვენება მიეცათ. 

''აქვთ ინფორმაცია, რომ აქციის დაშლის დროს, მოვლენების გაშუქების პროცესში მე და ჩემი ოპერატორი დავშავდით. მითხრეს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების საკითხს იძიებენ და ამიტომ გვიბარებენ. უწყებაში ჩემს სხვა კოლეგებსაც გამოკითხავენ, რომლებიც ასევე 20 ივნისის ღამეს დაშავდნენ'' - ამბობს მაუწყებლის ჟურნალისტი.

როგორც ცნობილია გამომძიებლები, დაპირისპირებისა და ცრემლსადენი გაზის  გაშვების დროს, ფეისბუქ ლაივით გადაღებულ კადრებსაც განიხილავენ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა და ტელევიზიის არქივში აქციის დაშლის კადრები ინახება

20 ივნისს, აქციის დარბევის დროს მოქალაქეებთან ერთად, 30-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. 

ორი დღის წინ, პროკურატურამ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების საკითხზე გამოძიება დაიწყო და 10 მათგანი სამსახურიდან გათავისუფლდა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში