სახალხო დამცველის აპარატს გამოძიების მასალებზე სრული წვდომა უნდა ჰქონდეს - ნინო ლომჯარია

24 ივნისი 2019, 17:47 2114 ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალური პროკურატურის განცხადებას, განცხადებითვე ეხმაურება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, 20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე, გამოძიების პროცესში ომბუდსმენიც ჩაერთოს. 

ლომჯარია ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისასალმებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი სახალხო დამცველის აპარატს გამოძიების მასალებზე სრული წვდომა ექნება.

ომბუდსმენი მზად არის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით პროცესში ჩაერთოს. 

''სახალხო დამცველი დიდი ხანია ითხოვს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეებთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომას. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში აუცილებელია გატარდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის განსაკუთრებული კატეგორიის საქმეებზე დაშვების უფლებამოსილებას და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და დამოკიდებული საქართველოს პროკურატურის მიერ საგამონაკლისო და შერჩევითი წესით გამოხატულ კეთილ ნებაზე. თითოეულ მოქალაქეს სახალხო დამცველისგან თანაბარი მოლოდინები და იმედი უნდა ჰქონდეს.

სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო, სადაც მოწვეულნი იქნებიან ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები. სახალხო დამცველი თავის საქმიანობას წარმართავს აღნიშნულ ჯგუფთან კონსულტაციის და მათთვის გამოძიების თაობაზე მაქსიმალურად შესაძლებელი ინფორმაციის მიწოდების გზით.

ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველი აპირებს იმუშაოს არა მხოლოდ 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ, შეისწავლოს და შეაფასოს ქვეყანაში აქციების მართვასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები. ფაქტია, რომ ბოლო წლებში გამართული აქციების მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ სერიოზული პრობლემებია როგორც აქციების/კონტრაქციების მართვასთან, ისე მისი დაშლის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართებითაც, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს არამარტო პროკურატურას, არამედ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და სხვა უწყებებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ითანამშრომლონ საქართველოს სახალხო დამცველთან'' - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში