სადაც მასპინძელი მთავაზობს , იქ ვიკავებ ადგილს - სერგეი გავრილოვი

21 ივნისი 2019, 11:39 2205 ნახვა

გუშინ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებულ და შემდეგ შენობის გარეთ განვითარებულ მოვლენებს  წინასწარ მომზადებულ პროვოკაციას უწოდებს რუსეთის დუმის დეპუტატი.

„ცხადია, რომ ეს წინასწარ მომზადებული პროვოკაციაა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე თავდასხმის მიზანი იყო არა მხოლოდ მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია საქართველოში. ეს იქნა გამოყენებული საბაბად, რომ დაეწყოთ გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ“, - თქვა გამომცემლობა „ტასს“ თან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის დუმის დეპუტატმა.

„ის რაც ახლა ხდება - არის რადიკალური, ლიბერალური და ანტიპატრიოტული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა“-ამბობს სერგეი გავრილოვი.

სერგეი გავრილოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუს პარლამენტარებს არწმუნებდნენ, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა და სიტუაცია ამის შემდეგ დაწყნარდებოდა.

მისივე თქმით,  ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგატების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა ისმოდა. „მიმაჩნია, რომ  უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც დელეგაციის წევრებს  ემუქრებოდნენ.

გავრილოვმა დეზინფორმაცია უწოდა მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ის აფხაზეთის ომში მონაწილეობდა და განაცხადა, რომ ეს ოპოზიციის მიერ მიზანმიმართულად აგორებული  კამპანია იყო.

ქართველი ხალხის გაღიზიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ხილვით დაიწყო.  ფაქტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები  ამბობდნენ, რომ გავრილოვს თავხედობა ეყო და  თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაიკავა, თუმცა რუსი დეპუტატი ამ ფაქტს უარყოფს. გავრილოვი აღნიშნულ თემას ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას შეეხო და განაცხადა, რომ  ის დაჯდა  იქ, სადაც მას მიუთითეს.  

„ქართულმა მხარემ შემომთავაზა პარლამენტის სპიკერატში დამეკავებინა ადგილი, სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს“-განაცხადა გავრილოვმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში