პლაჟზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები არ მორიგეობენ

19 ივნისი 2019, 12:13 973 ნახვა

ფოტო:არქივი

როდის გამოჩნდება  ბათუმის სანაპირო ზოლზე  მორიგე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები  უცნობია. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების ცენტრში გვეუბნებიან,  ისინი მორიგე მანქანების დამატებას  არ ჩქარობენ, რადგან სანაპირო ჯერ საკმარისად დატვირთული არ არის, შესაბამისად გამოძახებების რაოდენობაც ნაკლებია.

„აუცილებლათ დაემატება, მაგრამ რიცხვი განსაზღვრული არ არის. ეს მოხდება მაშინვე, როგორც კი მოიმატებს  სანაპიროდან გამოძახებათა რაოდენობა, ეს შეიძლება იყოს ხვალ, შეიძლება იყოს სამ დღეში. ჯერ-ჯერობით დამსვენებლების რაოდენობა იმდენი არ არის, რომ მანქანა იქ  ტყუილად მოვაცდინოთ,“- გვეუბნება ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე.

რამდენიმე მოქალაქე კი მაუწყებელს ეუბნება, რომ სანაპიროზე სასწრაფოს მისვლა გვიანდება. ფიქრობენ, რომ პლაჟზე ადამიანების რაოდენობა უკვე საგრძნობლად გაზრდილია. მათივე თქმით,  ხშირად, როცა სიმპტომატიკა სერიოზული არ არის და თავს შეუძლოდ გრძნობენ, ხელთ არსებული საშუალებებით ცდილობენ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ ერთმანეთს, ან მაშველებს მიმართონ, რადგან სასწრაფოს მოსვლა გვიანდება.

სასწრაფოში ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევა თითქის არ დაუფიქსირებიათ:  „დაგვიანების შემთხვევა, ისიც მცირედით მხოლოდ გუშინ იყო.  ისიც იმიტომ, რომ  მანქანას ბულვარის შესასვლელში ჯაჭვი დახვდა.  ბრიგადამ  შესვლა სხვა მხრიდან სცადა.  სხვა პრობლემა, გამოძახებებთან დაკავშირებით  არ გვაქვს“- ამბობენ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში.  

უწყების ოფიციალური მონაცემებით, სეზონის გახსნიდან  (15 ივნისიდან) დღემდე, ანუ ოთხ დღეში, სანაპირო ზოლიდან 5 გამოძახება დაფიქსირდა. მათივე თქმით, როცა მოიმატებს გამოძახებების რაოდენობა, სანაპიროზე სამი ბრიგადა დაემატება. ერთი ჯგუფი, ბულვარის შესასვლელთან - დემეტრე თავდადებულის ქუჩის გასწვრივ, პრომინადთან მუდმივად იმორიგევებს.   მეორე ავტომობილი კი გონიოში განთავსდება. მესამე ბრიგადა პატრულირებას განახორციელებს სანაპიროს გასწვრივ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი