დრამატული თეატრის კომერციული მენეჯერი ამბობს, რომ მთავრობამ სამსახურის დატოვება მოსთხოვა

13 ივნისი 2019, 12:41 3609 ნახვა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის კომერციული მენეჯერი თენგო სურმანიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და განათლების მინისტრს სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. 

ამის შესახებ, თენგო სურმანიძემ მის ფბ გვერდზე დაწერა.

"ხომ ხართ ერთი “მთავრობის თავმჯდომარე” და მეორე “განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი”?! ხო მიიღეთ გადაწყვეტილება ჩემი ბათუმის დრამატული თეატრიდან განთავისუფლების შესახებ? “მალადეც”.  შენ “ზონდეროვიჩი” ხარ და ეს არ განიხილება, თქვენ მაია, რატო იქეცით “ზონდერად”? ის რო უნამუსოა, უსუსური და არაადამიანური გადაწყვეტილებაც მიიღო ეს არ გამკვირვებია. მაგრამ თქვენ, “მინისტრო”, ან ქალის, ან დედის, ან შვილის, ან საერთოდ ადამიანის გრძნობა არ გაგაჩნიათ?! თუ თანამდებობისთვის დათმეთ? ღმერთის არ გეშინიათ?! ცოდვა მადლის მცნება თქვენთვის უცხოა ალბათ. ოჯახები გყავთ? შვილები, მეუღლეები.  ტუტუცები ხართ და არ ფიქრობთ ხვალინდელ განსაცდელზე თქვენი ტუტუცური გადაწყვეტილების მიზეზით რო მოგივიდეთ. მიმიფურთხებია მე თქვენი ორივესი ღირებულებებისთვის. დადექით ორივემ ერთად გოდერძის უღელტეხილზე და გამოექანეთ" - წერს სოციალურ ქსელში თენგო სურმანიძე.

ამბობს, რომ მზად არის ბრძოლისთვის და გამოწვევაც მიღებული აქვს. "თავს შეგაკლავთ, ჩემს ცოდვაში ჩაგახრჩობთ, მაგრამ ჩემი ოჯახის გამწარებას არ შეგარჩენთ" - წერს დრამატული თეატრის კომერციული მენეჯერი. 

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ დრამატული  თეატრის კომერციული მენეჯერის დანიშვნის ან მოხსნის უფლებამოსილება სამინისტროს არ ავქვს. "თეატრის თანამშრომლებს ხელშეკრულება თეატრის დირექტორთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან უფორმდებათ, ამიტომ ისინი არიან პასუხისმგებლები ნებისმიერ საკადრო ცვლილებებზე. ჩვენც მათგან ველოდებით პასუხებს" - გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.  

დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე აცხადებს, რომ მარკეტინგის მენეჯერი არ არის გათავისუფლებული თანამდებობიდან.ირწმუნება, რომ არ ჰქონია ამ ტიპის კომუნიკაცია თენგო სურმანიძესთან, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება. 

"შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან. მართალი გითხრათ, სახტად დავრჩი ამ სტატუსის გამო, რადგან ვერ ვხდები ამის საფუძველს. რატომ მიმართავს ამ ფორმით გაუგებარია მთავრობის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს. 

კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ შინაარს, რაც წერია სტატუსში, თითქოს მოვთხოვეთ განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე" - განაცხადა ანდრო ენუქიძემ. 

თეატრის დირექტორი ამბობს, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო, რამაზ სურმანიძე დეკემბრიდან იმყოფება თბილისში, თუმცა ამას თეატრის ადმინისტრაცია და კოლექტივი სრული გაგებით ეკიდება, რადგან თენგო სურმანიძე ძალიან კარგად ასრულებდა მის მოვალეობას თეატრში. 

"ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა იმაზე საუბარი, რომ ადამიანი თუ მუშაობს, უნდა დაფიქსირდეს ხოლმე სამსახურში, თუმცა ეს იყო მეგობრული საუბარი. მათ შორის ბოლო პერიოდშიც, თუმცა ბოლომდე ვედექით გვერდით. ახლაც, ადამიანურად არ ვაპირებ შევიდე პოლემიკაში მასთან ამ სტატუსის გამო, საჭიროა მას დაველაპარაკო, მანამდე ბუნებრივია მის სამუშაო სტატუსში არაფერი იცვლება" - ამბობს ენუქიძე. 

მოგვიანებით, თენგო სურმანიძესთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ. თეატრის მარკეტინგის მენეჯერი ირწმუნება, რომ  სწორედ თეატრის დირექტორი ანდრო ენუქიძე ითხოვდა მისგან, განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას.  "ეს ყველაფერი ზემოდ მოდიოდა, ამიტომ ანდრო ენუქიძე შეეწირება, ვიდრე აღიარებს, რომ მას ჩემს გაშვებას თორნიკე რიჟვაძე და განათლების ახალი მინისტრი სთხოვდნენ. ძველი მინისტრის დროსაც ითხოვდა მთავრობის თავმჯდომარე ჩემს გაშვებას, მაგრამ არ გამოვიდა" - გვითხრა თენგო სურმანიძემ. 

მთავრობის თავმჯდომარის სურვილს, რომ დატოვოს თანამდებობა, თენგო სურმანიძე წინა სამსახურს უკავშირებს. ის პორტში მუშაობდა და პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ბათუმში "კარბამისის ტერმინალის" მშენებლობის საკითხი აქტუალური გახდა. ის ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში