ძველი ბათუმის 9 ეზოში კაფეების მოსაწყობად 87 ათასიანი ტენდერი ჩავარდა

10 ივნისი 2019, 14:44 1574 ნახვა

ბათუმის ისტორიული ნაწილის 9 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება გადაიდო, რადგან მერიის ტენდერი ჩავარდა.

„ისტორიული განაშენიანების საზღვრებში, ეზოებში კომერციული პროექტების განვითარების მხარდაჭერის“ პროგრამის  ფარგლებში,  ბათუმის მერია მზად იყო 9 ეზოსთვის 87  200 ლარი გადაეხადა.

ამ თანხაში, კომპანიას შერჩეულ ეზოებში, წინასწარ შემუშავებული ესკიზების მიხედვით, ტერიტორია უნდა გაეწმინდა, მოეწესრიგებინა, მოეხატა კედლები, შეეძინა კომერციული საქმიანობისთვის საჭირო ავეჯი და ტექნიკა.  

2018 წელს დაანონსებული იდეის განსახორციელებლად, 15 მაისს ტენდერიც გამოაცხადა და მასში  მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო. სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზი აღმოჩნდა. 

შერჩეული ეზოების მეპატრონეები, ამ სეზონზე იდეის განხორციელებას ან კომერციული საქმიანობის დაწყებას, სავარაუდოდ, ვეღარ მოასწრებენ. 

გაგრძელდება თუ აღნიშნული პროგრამა წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ან შეიცვლება თუ არა სატენდერო პირობები?

ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, ეთუნა ლომაძის განმარტებით, სავარაუდოდ ტენდერი თავიდან გამოცხადდება. მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა ვადებში ან რა ფორმით - "საკითხი სატენდერო კომისიაზე გასვლისა და  შესყიდვების სამსახურში მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემდეგ გადაწყდება".

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ჯერ კიდევ 2018 წლის 6 ივნისს დააანონსა, რომ ძველი ბათუმის ეზოებს ახალ სიცოცხლეს შესძენდა. ინიციატივის თანახმად, მერიის ფინანსური წახალისებით, ისტორიულ ნაწილში მცხოვრებ მოქალაქეებს ახალი ტურისტული პროდუქტები უნდა შეექმნათ, მოეწყოთ ეზოებში კაფე-ბარები, ჰოსტელები, ან სავაჭრო ობიექტები. 

ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ საინტერესო პროექტების არსებობის შემთხვევაში,  პირველ ეტაპზე, ათი ეზოს პროექტს - 10 000 ლარით დააფინანსებდა. 

 

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში