"სტატისტიკაა გაზრდილიო, კიდევ უფრო გაიზრდება თუ ვიღაცას ხელი წასცდება" - მამუკა ბახტაძე ბათუმში დაკავებულ ჩინოვნიკებზე

31 მაისი 2019, 17:10 1787 ნახვა

კანონი არის უზენაესი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია - ვინც კანონს დაარღვევს მკაცრად აგებს პასუხს, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აჭარაში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაკავების საკითხს.

ამავე დროს, ამ საქმეზე პრემიერი უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას და გამოძიების შედეგებს ელოდება.

“რა თქვა უნდა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს, ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი. მე რასაც გპირდებით ეს არის, რომ გამოძიება წარიმართება გამჭვირვალედ და საზოგადოებას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია. ანტიკორუფციული საქმიანობა და კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მუდმივი პროცესი”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, ისევ ხომ არ რჩებიან “ქართული ოცნების” გუნდში კორუმპირებული ჩინოვნიკები, მამუკა ბახტაძემ განაცხადა რომ ეს არის კითხვის ინტერპრეტაცია.

“რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი რომელ პარტიაშია. ჩვენ, ჩვენი ნაბიჯებით ვადასტურებთ, რომ გარანტია ამ ქვეყანაში არავი არ ექნება თუ კანონს დაარღვევს, მაგრამ ამავე დროს, უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და არსებობს საგამოძიებო პროცესი. ჩვენი ვალდებულებაა, კორუფციასთან ბრძოლა იყოს მუდმივი პროცესი და ამას ვაკეთებთ. მე დამისვეს შეკითხვა სტატისტიკა არის გაზრდილიო და მე გიდასტურებთ, რომ სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება თუ ვიღაცას ხელი წასცდება”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გუშინ, 30 მაისს, ბათუმში პროკურატურამ შვიდი ადამიანი დააკავა. მათ შორის, ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ბაგრატ მანველიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ვიცე მერი თენგო პეტრიძე და მერიის კიდევ 3 თანამშრომელი. მათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ფულის გაფლანგვას ედავებიან. 

საქმე "იაფი სახლის" პროექტზე ჩატარებულ ტენდერს ეხება, სადაც კომპანიამ დოკუმენტები გააყალბა და მილიონ 300 ათასზე მეტი ლარი მიითვისა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი