რატომ აიყვანეს მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები? - რაში გაიფლანგა მილიონები

30 მაისი 2019, 17:30 6500 ნახვა

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი დააკავეს.

მათ შორის - ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგო პეტრიძე, მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ელგასლან (გოგა) ლომაძე, ბათუმის მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში. 

აჭარის მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე ბათუმის მერიის სოციალური პროექტის - ''იაფი სახლის'' მშენებლობას ეხება. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა პირებმა  ტენდერი ერთ-ერთ კომპანიას მოარგეს. გამოძიების მტკიცებით, „კონვენტ ჯორჯიამ“ ხარვეზიანი და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, თუმცა კომისიის წევრებმა უპირატესობა  ''უკანონოდ'' მიანიჭეს და ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს. კომპანიას ჯამში 1 626 396,20 ლარი ჩაურიცხეს, „კონვენტ  ჯორჯიამ“ კი მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაოები შეასრულა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, გაიფლანგა დიდი ოდენობით 1 370 076,00 ლარი.

''აღნიშნული პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ და მერიაში ეკავათ სხვადასხვა თანამდებობა, 2015 წლის 09 ოქტომბერს, ქ.ბათუმის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ.ბათუმში საცხოვრებელი ბინების ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე. სატენდერო პირობების თანახმად, შენობა-ნაგებობის ასაშენებლად უნდა გამოყენებულიყო მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციები. 

ტენდერის გამოცხადებამდე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობისათვის და სატენდერო კომისიის წევრებისათვის ცნობილი იყო, რომ მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით საქართველოში მშენებლობის გამოცდილება მხოლოდ ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა, რომელსაც ტენდერის გამოცხადებამდე ქ.ბათუმის მერიის ხელმძღვანელმა პირებამ შესთავაზეს აღნიშნული კონსტრუქციებით მშენებლობის პროექტის განხორციელება.

საბოლოოდ, ელექტრონული ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“. ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იქნა ყალბი დოკუმენტაცია. 

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებს, წარმოდგენილ საეჭვო დოკუმენტაციაზე საერთოდ არ უმსჯელიათ, ეს მაშინ, როდესაც ქ.ბათუმის მერიის მიერ, 2015 წლის 01 მაისს გამოცხადებულ სხვა ელექტრონულ ტენდერში, უცხოური საწარმოს ფილიალის „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იგივე დოკუმენტაცია კომისიის ამავე შემადგენლობის მიერ გახდა უსფ „კონვენტ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველი. 

სატენდერო კომისიის წევრებმა მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მონაწილეობისას „კონვენტ ჯორჯიას“ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა  და გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ ავიზირებული, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ისე რომ ხსენებული კომპანია საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და წარმოადგენდა არააქტიურ კომპანიას. 

ნაცვლად იმისა, ქ.ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება უსფ „კონვენტ ჯორჯიასთან“, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4 279 990 ლარის ოდენობით.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კი „კონვენტ ჯორჯიამ“ ბათუმის მერიაში წარადგინა ისევ არასაბანკო, არააქტიური, ფიქტიური კომპანია „POINT BANK LTD“-ს მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია. იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერის, საფინანსო სამსახურის უფროსი ე.ლ-სთვის და საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე ა.ვ-სათის ცნობილი იყო „POINT BANK LTD“-ის არასანდოობა და ის ფაქტი, რომ გარანტიის გამცემი კომპანია არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას. უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს საავანსო თანხა ჯამში 1 626 396,20 ლარის ოდენობით, საიდანაც უსფ „კონვენტ  ჯორჯიამ“ შეასრულა მინიმალური, მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხის სამუშაოები დღემდე შეუსრულებელია'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

 

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში