აუცილებელია ერთი გადაცემა მაინც, რომელიც ყველაფერს გააკრიტიკებს - დირექტორობის კანდიდატი გიორგი კოხრეიძე

30 მაისი 2019, 14:21 1987 ნახვა

"გუშინ გადაცემას თუ ნახავდით, იოლი იქნება არჩევანის გაკეთება. მე ამის იმედი მაქვს, რომ ხართ თავისუფალი თქვენს არჩევანში" - ასე მიმართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს. გიორგი კოხრეიძემ გადაცემა "სათქმელი" იგულისხმა, სადაც მისი კონკურენტები პოზიციების დასაფიქსირებლად იყვნენ მიწვეულები. 

"ამ ორგანიზაციას სჭირდება პროფესიონალი, მე შეიძლება ვერ გავეჯიბრო სხვებს პარტიულობაში, ''ენჯეოშნიკობაში'', აჭარლობასა თუ ბათუმელობაში, მაგრამ მე ვარ პროფესიონალი, შემიძლია და გარანტიას გაძლევთ, ტელევიზიას ეყოლება მეტი მაყურებელი, ვიდრე დღეს ჰყავს" - განაცხადა კოხრეიძემ.

"პირველი რაც არის გასაკეთებელი ამ ტელევიზიაში, ეს არის მაყურებლის დაბრუნება. როგორ უნდა დავიბრუნოთ ეს მაყურებელი? მაყურებელს უნდა მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ. არსებობს ბევრი კვლევა და მათ სწორი ანალიზი სჭირდება. ადამიანებს, კვლავ აქვთ მოთხოვნა ინფორმაციაზე. მაუწყებლის კვლევის მიხედვითაც, სოფელში ხალხი ამბობდა, რომ ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს მიერ მიწოდებული ამბები არ აკმაყოფილებთ მათ?.. რა არ აკმაყოფილებთ, აი ამას სჭირდება ანალიზი და ამის შემდეგ ექნება მას შენთან კავშირი, თუ მივაწოდებთ იმას, რაც უნდა" - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.  

კანდიდატი ამბობს, რომ ტელევიზია არ უნდა წარმოადგენდეს არც ერთ ჯგუფს, რადგან "ვის ინტერესსაც წარმოადგენ შესაბამისი მაყურებელი გყავს. თუ ხარ პარტიული, გყავს პარტიული აქტივი, ხოლო თუ ხალხის ინტერესს ატარებს, მაშინ იქნები ხალხის და ყველას ტელევიზია". 

კითხვაზე, რამდენად უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ე.წ. "ვოჩ დოგის" პოზიცია, როცა ის კრიტიკული და ჩასაფრებულია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორობის მსურველი ამბობს, რომ მინიმუმ ერთი გადაცემა მაინც უნდა იყოს, რომელიც ყველაფრისადმი კრიტიკული იქნება. 

''საზოგადოებრივი მაუწყებლის ბალანსისთვის, რომ ადამიანებმა უფრო მეტად დაიწყონ განსხვავებული აზრის შეფასება, უფრო მომთხოვნები იყვნენ. ამისთვის აუცილებლად სჭირდებათ რაღაცა პროვოკაციისთვის. აუცილებელია ერთი გადაცემა მაინც, რომელიც ყველაფერს შეეწინააღმდეგება. იმისთვის, რომ მაყურებელმა უკეთ დაინახოს და არა იმიტომ, რომ არხი იქნება კრიტიკული. ფაქტის უკეთესად დანახვისა და გახსნისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქ არის კრიტიკა, ყველაფრის კრიტიკა. თუ ისეთ სახეს მივიღებთ, რომ სულ კრიტიკის პოზიციაში ჩავდგებით, ჩვენ მაყურებლის რაღაც ნაწილს დავკარგავთ. იმ მაყურებელმა უნდა იცოდეს ეს გადაცემა რისთვისაა" - აცხადებს კოხრეიძე.

კანდიდატმა გადაცემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ზოგიერთი მათგანი მოსწონს. მრჩეველთა საბჭოს წევრების ჩაკითხვის შემდეგ, რომელი გადაცემები იყო მისთვის მისაღები, გიორგი კოხრეიძემ განაცხადა, რომ მარხვის ბოლო დღეებში უყურა გადაცემებს და ზედმეტად მიმტევებელი იყო.  

"გული მწყდება, რომ რეალურად არ არის ადეკვატური მაყურებელი. ზოგიერთი გადაცემა მართლა მომეწონა, არაადეკვატური მაყურებელი იმიტომ არის, რომ ეს გადაცემა ამ არხზე გადის. სხვა არხზე, რომ ყოფილიყო ბევრი ეყოლებოდა. ეს კავშირია დაკარგული მაყურებლებსა და ტელევიზიას შორის" . 

ნატა იმედაიშვილი: "აღნიშნეთ რომ გადაცემები რომლებიც მოგწონს, რომელ გადაცემებზე საუბრობდით?

"მართალი გითხრათ, მძიმე მარხვის ბოლო 10 დღე იყო, როცა ვუყურებდი ამ გადაცემებს და საკმაოდ მიმტევებელი ვიყავი იმ მომენტში, როცა ვუყურებდი. არ ვიყავი ძალიან კრიტიკული, ვერ დავუწერე ცუდი ნიშანი" - განაცხადა კანდიდატმა.  

ამბობს, რომ ეუთოს კვლევებს, სადაც მაუწყებლის მიერ ბალანსის დაცვაზე იყო საუბარი, კარგად შესწავლა სჭირდება. თვლის, რომ არავის შეუსწავლია, რამდენად იყო საზოგადოებრივი ინტერესები წარმოდგენილი ეთერში. მისი თქმით, ეს მონაცემები არასწორად არის შეფასებული და დამუშავებული, არასწორი კუთხით და შედეგებიც არასწორია.   

"ეს ტელევიზია არ არის ხალხის. ეს ტელევიზია იყო დაბალანსებულიო ბევრჯერ წაიკითხეს კვლევის შედეგები, ხოდა რაში გამოიხატება ეს ბალანსი? რისი ბალანსი იყო? გაშუქების? არჩევნების დროს ნახევარი ეს იყო და ნახევარი ის? ვინმემ შეაფასა ან კვლევა ჩაატარა ეს ტელევიზია რამდენად გამოხატავდა ხალხის ინტერესს ან ''ენჯეოების'' ინტერესს?  ამაზე, ამ კუთხით ბალანს შეხედა ვინმემ? ყველას შეუძლია, ნებისმიერ მათგანს ვინც ჩაატარა კვლევა, ვინც დასკვნა გამოიტანა, რომ მეც მართალი ვიყავი, მეც მართალი ვიყავიო. საბოლოო ჯამში კი ტყუილი იყო ინფორმაცია. უბრალოდ ანალიზი არ იყოს გაკეთებული იმ მიმართულებით, იმ მეთოდოლოგიით და მიღებული გვქონდეს სულ სხვა შედეგი. მგონი, მე რა კითხვაც დავსვი თქვენ ნათლად დაინახეთ, რომ მართლა დარღვეულია ამ მხრივ ბალანსი, იმიტო რომ არავის შეუმოწმებია" - უთხრა კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს.    

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში