ხელისუფლებამ ''ჭიათურის კრიზის'' დასაძლევად გეგმა უნდა შეიმუშაოს - ENC

27 მაისი 2019, 18:46 2043 ნახვა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, ჭიათურაში შექმნილი კრიზისი დროულად გადაიჭრას. საკითხის მოგვარება კი ადგილობრივებისა და მაღაროში დასაქმებულების  მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ​

ENC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ შექმნილი კრიზისის დაძლევის დემოკრატიული პოლიტიკური ხედვა და გზები უნდა შეიმუშავოს. ასევე აუცილებელია პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას, რომელიც სამთო-მომპოვებელ ქალაქებში არსებულ სოციალურ, გარემოსდაცვით და შრომით მდგომარეობას გაანალიზებს. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ, ხვალ საკანონმდებლო ორგანოში ჩანიშნული სხდომა, სადაც ''ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს უნდა მოუსმინონ, ღია ფორმატში წარიმართოს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომპანიაში უსამართლო შრომითი პრაქტიკა დამკვიდრდა, რომელიც სამართლიან ანაზღაურებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას და სხვა შრომით პირობებს უკავშირდება. 

''საწარმოოს საქმიანობის შედეგად, ჭიათურაში შექმნილი უმძიმესი შრომითი და ეკოლოგიური პირობების საპასუხოდ, გაფიცული მაღაროელების ძირითადი მოთხოვნები სამართლიანი შრომის ანაზღაურებას, ქალაქის უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას და სამართლიანი სოციალური გარემოს შექმნას უკავშირდება. კონკრეტულად, გაფიცულთა მოთხოვნებია: ხელფასის გაზრდა, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება, მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა, ასევე შეთანხმების მიღწევისა და გაფიცვის დასრულების შემთხვევაში, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთათვის შრომითი გარანტიების შექმნა. ამ დრომდე სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან მხარდამჭერი საჯარო განცხადებების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები წარმოქმნილი კრიზისის დაძლევის მიმართულებით. უშედეგოდ დასრულდა ასევე 26 მაისს კომპანიის წარმომადგენლებთან გაფიცულების შეხვედრა'' - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მაღაროელების შიმშილობის მე-11 დღეს, ჭიათურა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები, თეატრის მსახიობები, ქალაქის დიდი ნაწილი სოლიდარობის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა. ქალაქი მაღაროელების პროტესტს შეუერთდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში