ჩაანაცვლებს თუ არა კერძო ადვოკატი საიას? - რა შეიცვალა სექსუალური შევიწროების ბრალდების საქმეში

24 მაისი 2019, 15:16 2600 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის სადისციპლინო საბჭოში, დღეს მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხს განიხილავდნენ. სხდომაზე გოგონა კერძო ადვოკატთან ერთად მივიდა და მომხდარის შესახებ დახურულ ფორმატში ისაუბრა. მოთხოვნისა და შუამდგომლობის მიუხედავად, საბჭოს სხდომაზე,  რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს დასწრების უფლება არ მისცეს. პროცესების ღიაობაზე უარი, ადვოკატის ინფორმაციით, თავად სტუდენტმა თქვა. 

სხდომის დასრულების შემდეგ, კერძო ადვოკატმა ზაზა პაპიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  "სტუდენტი გოგონას პირადი ცხოვრება თანატოლებისა და მედიის ყურადღების ქვეშ მოქეცა,  მისთვის ეს ფსიქოლოგიურად მძიმე ფაქტორია,  ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ  სხდომა დაეხურათ".

ამ დრომდე, 19 წლის გოგოს ინტერესებს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტები იცავდნენ. აჭარაში საიას ხელმძღვანელის, ანა მდინარაძის თქმით, ისინი ესწრებოდნენ ოფიციალურ გამოკითხვებს პოლიციაში და სტუდენტს სისხლის სამართლის საქმეში სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებს, დღეს ეთიკის საბჭოს სხდომაზე შესვლის საშუალება არ მიეცათ.  

ჩვენი ინფორმაციით, ინტერესების დასაცავად კერძო ადვოკატი - ზაზა პაპიძე სტუდენტის ოჯახმა  დაიქირავა.  

საია-ს ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ანა მდინარაძე ამბობს, რომ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, იმედს იტოვებს, რომ პროცესები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

როგორც იუსრიტები ამბობენ, სტუდენტს აქვს საშუალება ჰყავდეს ორი წარომადგენელი, ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციაც და კერძო ადვოკატიც. 

კერძო ადვოკატმა ზაზა პაპიძემ, დღეს საქმის სამართლებრივ მხარეზე არ ისაუბრა. ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედი აქვს "ეთიკის საბჭოს ობიექტურობის, რადგან სწორი კითხვები დაისვა სტუდენტის მისამართით".   რაც შეეხება თავად  სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტს, თქვა, რომ "სტუდენტი უშვებს იმის ალბათობას  ლექტორისთვის  სოციალური ქსელი გაეტეხათ, რადგან დეპუტატია და შესაძლოა პოლიტიკური თავდასხმა ყოფილიყო".    

საქმეზე მოულოდნელად ადვოკატის ცვლილებამ შესაძლოა ეჭვები გააჩინოს? - ჟურნალისტების ამ კითხვაზე ზაზა პაპიძე პასუხობს, რომ დაზარალებულმა მისი ინტერესების დასაცავად დაიქირავა.  "ვის რა ეჭვი გაუჩნდა, ეს ჩემს ინტერესში არ შედის" - განაცხადა პაპიძემ. 

მეორე კურსის სტუდენტმა, 21 მაისს თქვა, რომ ლექტორის მას ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა. 19 წლის გოგო განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო. 

შემთხვევიდან ერთ დღეში, კომისიამ ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა.

მახარაძე, ასევე ბათუმის საკრებულოს დეპუტატია. იგი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გაუტეხეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში