სუს-მა მატჩების ჩაწყობის ბრადებით 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა /ვიდეო/

20 მაისი 2019, 14:07 5552 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. 

გამოძიების ვერსიით, ორგანიზატორები ფეხბურთელებს უკავშირდებოდნენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ, მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები  რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“  ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

''გაყიდული მატჩებისთვის'' ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში 93 500 ლარი მიიღეს. 

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ერთ-ერთი ბოლო ჩაწყობილი მატჩი, გუშინ ბათუმში გაიმართა. ''ვიტ-ჯორჯიამ'' ''დინამო'' ბათუმთან ორბურთიანი სხვაობით წააგო. 

''19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

გამოძიების  ვერსიით, 2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში