არ იწყება ეს რევოლუცია, არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება - ნიკა მელია

19 მაისი 2019, 23:35 1144 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა ნიკა მელიამ თქვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინდაუხედავი განცხადებები მოსახლეობას სასოწარკვეთაში აგდებს. 

''რაღაცას თუ ვიტყვით, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება, რაღაცას თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუება, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება... ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს,'' - თქვა ნიკა მელიამ ტელეკომპანია ''რუსთავი 2-ის'' პირდაპირ ეთერში. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ვის გულისხმობდა მელია, მან უპასუხა:

„მიმხვედრი მიხვდება, ბატონო ნიკა. თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ სხვა ნებისმიერ ოპოზიციური პარტიის. არ შეიძლება, ხალხნო. ვამბობდით? ვერავინ ვერ დამწამებს ცილს, რომ არ ვიბრძვი, თავი არ შემიშვერია და ა.შ. ჩვენ რომ ვიძახდით ზუგდიდში, ხუთი ათასი დამკვირვებელი ვართ და ვერავინ ვერ გაგვიყალბებს ხმებსო, რომ ვიძახდით და ახლა რომ ვიტყვით, გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ მე პირადად თქვენ, გამიგეთ? იმიტომ, რომ არასერიოზულია. ეს დათვური სამსახურია,'' — განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში