მამუკა ბახტაძეს გოდერძიზე ვერტმფრენით ჩაფრინდა, თუმცა გზის შესახებ მაინც ყველამ უთხრა 

17 მაისი 2019, 17:00 4619 ნახვა

ხულოში, კურორტ გოდერძიზე, პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძეს ისე ავიდა, რომ ამორტიზებული გზის გავლა არ მოსწევია, ის ვერტმფრენით ჩაფრინდა. თუმცა, გზის შესახებ მაინც ყველამ უთხრა. 

მასთან პირად საუბარში, მოქალაქეები უმთავრეს საკითხად, სწორედ ხულოდან გოდერძიმდე მისასვლელი გზის საკითხს აყენებდნენ. 

"ეს გზა ყველასთვის პრობლემაა. აბსოლუტურად ყველას სჭირდება - ტურისტი იქნება, გაჭირვებული იქნება, გამვლელი თუ გამომვლელი, მოქალაქე, ექიმი, ავადმყოფი თუ ექიმი. ყველას გვჭირდება იგი, ამის გარეშე არაფერი გამოვა. არაფრად არ ღირს ეს კურორტი, თუ ეს გზა არ იქნება" - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც პრემიერს მიწების რეგისტრაციაც და გაზიფიკაციის საკითხიც უპირველესად გადასაწყვეტ პრობლემებს შორის დაუსახელა.     

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს ყველა საკითხის აქტუალობაში დაეთანხმა და უთხრა, რომ ამა წლის ნოემბერ-დეკემბერში კურორტამდე მისასვლელი გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  

"საავტომობილო გზა უნდა გამოვყოთ, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის პროექტია და ეს გზა სულ სხვა სიცოცხლეს შემოიტანს ამ რეგიონში," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და იქვე გაზიფიკაციის პროექტის დასრულებაც დააანონსა. 

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. მას შემდეგ, ყოველ წელს ხულოდან გოდერძიმდე მისასვლელი დაზიანებული გზის საკითხი აქტუალური ხდებოდა, თუმცა ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულა. უკვე მეოთხე წელია, ადგილობრივები გზის ელოდებიან. 

პერიოდულად ხელისუფლება ანონსდებდა რეაბილიტაციისთვის პროექტის გამოცხადებას. სხვადასხვა დროს, ჩინოვნიკები ამბობდნენ, რომ რამდენ თვეში დაიწყებოდა  სამუშაოები.  მაგალითად 2017 წელს პროექტის გამოცხადებაზე გავრცელდა ინფორმაცია, 2018 წელს კი ოპოზიციის პრეტენზიების საპასუხოდ, ხელისუფლებამ რამდენიმე თევში დააანონსა გზის გაკეთება. 

ბოლოს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, 2019 წლის 1 თებერვალს, მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაუდასტურა, რომ გაზაფხულზე ამ გზის მშენებლობა დაიწყებოდა, რადგან შემსრულებელი კომპანია უკვე გამოვლენილი იყო, სამუშაოებს კი დიდთოვლობა აფერხებდა. სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. 

ამავე თემაზე:  ხულო - გოდერძის გზა     

ხულო - გოდერძის გზის მშენებლობა 

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია - განცხადებები

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში